ქართული სპორტის ისტორიაში გუშინდელ დღემდე ერთხელაც არ მომხდარა, ოლიმპიურ თამაშებზე, სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, პოდიუმზე ერთდროულად ორი ქართველი ასულიყოს. უახლესი ისტორია საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მძიმეწონოსნებმა ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ დაწერეს. რიო 2016-ზე ძალოსნობისთვის განკუთვნილი დღეები გუშინ, სწორედ +105 კილოგრამით და საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაგვირგვინდა. ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ 22 წლის ასაკში თავის ტიტულებს ოლიმპიური ოქროც მიამატა და სრული კოლექცია შეკრა. ამასთან, ორჭიდის ჯამში ირანელი რეზა ზადეს მიერ 16 წლის წინ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა და კიდევ, უახლოეს მდევარს – ვერცხლისმედალოსან სომეხ გორ მინასიანს 22 კილოგრამით გაუსწრო. ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
10 აგვისტოს საღამოდან, ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანის წაგებული ფინალის შემდეგ, ქართველი ქომაგებისთვის უახლოესი ოქროს იმედი ლაშა ტალახაძე გახდა. რიო დე ჟანეიროში მყოფი ქართული დელეგაციის წევრებიც უკვე 16 აგვისტოს შესახებ საუბრობდნენ. ტალახაძე სპეციალისტების მიერაც ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად სახელდებოდა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ირანელ ჩემპიონთან - ბეჰდად სალიმიკორდასიაბისთან ერთად. ეს უკანასკნელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე ერთხელაც არ გამოჩენილა, რაც ფავორიტების ერთმანეთთან შესადარებლად და მათი შანსების შესაფასებლად დამატებითი თავსატეხი იყო.
შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სპორტსმენების მიერ წინასწარ შეკვეთილი წონებით გაირკვა, რომ ირანელმა უფრო მაღალი სასტარტო წონები მოითხოვა, ატაცში ტალახაძე 205 კილოგრამით იწყებდა, სალიმიკორდასიაბი – 206-ით. ხოლო აკვრაში ირანელმა ჩვენებურზე 5 კილოგრამით მეტი – 245 შეუკვეთა.
თურმანიძეც ა ჯგუფში ჩაეწერა. მართალია ოდნავ მოკრძალებული სასტარტო წონით, მაგრამ როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ეს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიერ ზედმიწევნით ზუსტად გათვლილი ტაქტიკური სვლა იყო. ტაქტიკურად გამართულ გეგმას სპორტსმენების უნაკლოდ გამოსვლაც დაემატა – ორივე ქართველმა ძალოსანმა ექვსივე ცდა წარმატებულად გამოიყენა.
ატაცი
პირველი მოძრაობა თურმანიძემ 197 კილოგრამით გახსნა. მეორე ცდაზე შტანგას 6 კილო წაამატა, შემდეგ კი კიდევ 4 და 207 კილოგრამით ატაცში მეოთხე შედეგი აჩვენა. ტალახაძისა და სალიმიკორდასიაბის დუელის ცქერა კი ერთ რამედ ღირდა. ქართველმა მძიმეწონოსანმა 205-კილოგრამიანი შტანგა წარმოუდგენლად მსუბუქად აიტაცა, ირანელმა – 206-ით "წაივარჯიშა”. შემდეგ იყო ლაშას ასევე იოლი 210 და ბეჰდადის 211. მესამე ცდებზე კი ძალოსნობის დარბაზი ლამის დაინგრა მაყურებლების ჟრიამულისგან. ლაშა ტალახაძემ სალიმიკორდასიაბის მიერ წლების წინ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი – 214 კილოგრამი 1 კილოგრამით გააუმჯობესა. ირანელმა კი ორიოდ წუთში კიდევ ერთი ახალი რეკორდი დაამყარა – 216.
აკვრა
ირაკლი თურმანიძეს მეორე მოძრაობაში ყველაზე დაბალი საწყისი წონა ჰქონდა შეკვეთილი – 228 კილოგრამით დაიწყო, რაც დაკავებული პოზიციის დასაკარგად სერიოზული საფრთხე იყო, მაგრამ მეორე და მესამე ცდებზე წინ იმხელა ნაბიჯებით წაიწია (ჯერ 235, ხოლო შემდეგ – 241), საპრიზო სამეულზე დაფიქრებაც გავბედეთ. ამისთვის ირაკლის წინ მდგომ რომელიმე ძალოსანს სამივე ცდა უნდა გაეცუდებინა, რაც არარეალურ ოცნებას უფრო ჰგავდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გორ მინასიანმა 241-კილოგრამიანი შტანგა აჰკრა და თურმანიძეს 3 კილოგრამით გაუსწრო.
ლაშა ტალახაძემ წინასწარ მოთხოვნილი საწყისი წონა (240 კგ) შეცვალა და 242-კილოგრამიანი შტანგა აჰკრა. ისევ ზედმეტი პრობლემის გარეშე. ბეჰდად სალიმიკორდასიაბი 245-ს შეეჭიდა და თითქოს დაიმორჩილა კიდეც, მაგრამ მსაჯებმა ორიოდ წამში გადაწყვეტილება შეცვალეს და წონა არ ჩაუთვალეს. მათი აზრით, ირანელმა მძიმეწონოსანმა შტანგა მყარად ვერ დააფიქსირა. ტალახაძეს ამ დროს მეორე მისვლისთვის 252 ჰქონდა შეკვეთილი. ირანელმა ამხელა რისკზე წასვლა ვერ გაბედა და ისევ 245-ზე მივიდა, მეორედაც აბსოლუტურად იგივე განმეორდა. თავიდან მწვანე აუნთეს, მაგრამ უმალ გაუუქმეს, რამაც ტრიბუნებზე მყოფი დაახლოებით ასამდე ირანელი გულშემატკივარი ძალიან გააბრაზა. მათი კუმირი კიდევ ერთხელ გახდა იძულებული, იგივე წონის აკვრა ეცადა, მაგრამ მესამე მცდელობისას სიმძიმე უკვე სანახევროდაც ვეღარ ასწია და ქართველების ტრიბუნაც "აფეთქდა”. გარდა იმისა, რომ ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა, თურმანიძეს საპრიზო სამეულში მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდა. ამისთვის ერთადერთი რამ სჭირდებოდა – სომეხ რუბენ ალექსანიანს პირველი წარმატებული ცდა – 245 კილოგრამი 9 კილოგრამით ვერ უნდა გაეუმჯობესებინა. ასეც მოხდა!
ოლიმპიური ძალოსნობის კულმინაცია კი მოქმედი ჩემპიონის მესამე ცდა იყო – ტალახაძემ 258-კილოგრამიანი შტანგა შეუკვეთა. თუ აჰკრავდა, ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ახალ რეკორდს ამყარებდა.
გაბოროტებულმა ირანელმა ქომაგებმა გადაწყვიტეს, მსაჯის ჯავრი ქართველ მძიმეწონოსანზე ეყარათ და ხმაურით სცადეს ხელის შეშლა. ტალახაძეს ნერვიც არ ასტოკებია, ისე მშვიდად და ლაღად გააკეთა თავისი საქმე. დარბაზში მყოფ ქართველებთან ერთად, ბრაზილიელმა ქომაგებმაც გულწრფელად გაიხარეს და 22 წლის ქართველ გოლიათს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. წარმატება, რომელსაც დიდი ხნით ადრე ველოდით, იმაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით – ოლიმპიურ პოდიუმზე ერთბაშად ორი ქართველი ავიდა!
"უბედნიერესი ადამიანი ვარ. გარდა იმისა, რომ ჩემი ოცნება ავისრულე და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, კვარცხლბეკზე ჩემს მეგობართან და თანაგუნდელთან – ირაკლი თურმანიძესთან ერთად ავედი. ამაზე უკეთესი არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო” – უთხრა worldsport.ge-ს ლაშა ტალახაძემ.
აქვე ირაკლი თურმანიძის მოკლე კომენტარიც:
"ეს ჩემთვის მეორე ოლიმპიადა იყო და ფსიქოლოგიური ტვირთი აბსოლუტურად მოხსნილი მქონდა. ორივე მოძრაობაში ყველა ცდა გამოვიყენე, პირადი რეკორდები დავამყარე და მიხარია, რომ ჩემმა ამდენი ხნის შრომამ შედეგიც მოიტანა. ლაშა ტალახაძე კი მსოფლიოში საუკეთესოა და ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა”.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში