სხვა

4:36 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

2 ქართველი რიოს კვარცხლბეკზე: ტალახაძე ჩემპიონია, თურმანიძემ ბრინჯაო მოიპოვა
ქართველმა ძალოსანმა 2000 წელს დამყარებული მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდი დაამხო

16 აგვისტო ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ისტორიული გამოდგა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაოს მედალს საოცარი შედეგები მიაყოლეს მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსნებმა: 22 წლის ლაშა ტალახაძე მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 31 წლის ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეიძლება ითქვას, რომ ძალოსანთა დასკვნით წონაში შეჯიბრი ქართველთათვის იდეალურად წარიმართა და ტალახაძემ და თურმანიძემ შესაძლებლობის ფარგლებიდან მაქსიმუმი “გამოადნეს”.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ოქროს მედლის ძირითადი კონკურენტები ტალახაძე და სახელოვანი ირანელი ბეჰდად სალიმი კორდასიაბი იქნებოდნენ. ატაცში პაექრობა მოლოდინისამებრ დაიწყო. ლაშამ 205, 210 და 215 კგ. დასძლია და ბოლო ცდაზე ირანელი ჰოსეინ რეზა ზადეს მსოფლიო და ხსენებული სალიმის ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა.

თუმცა, ამ რეკორდებმა მხოლოდ ორიოდ წუთს იარსება. ბეჰდადი ტალახაძის შედეგებს თითო კილოგრამს უმატებდა. შედეგად, მან 206, 211 და 216-კილოგრამიანი შტანგა ასწია და აღნიშნული რეკორდები თავის ანგარიშზე ჩაიწერა.

ატაცში მე-3 ადგილზე 210 კგ-ით სომეხი გორ მინასიანი გავიდა, მე-4 შედეგი კი ირაკლი თურმანიძემ აჩვენა, რომლის ასპარეზობაც ასევე გამორჩეულად უნდა აღინიშნოს. მარტო ის რად ღირს, რომ +105 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე 11 ძალოსნიდან 6-ვე ცდის გამოყენება მხოლოდ თურმანიძემ და ტალახაძენ მოახერხეს.

ატაცაში ირაკლიმ 197, 203 და 207 კგ-იანი შტანგა დაიმორჩილა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა, თუმცა, იმ პერიოდში მაინც ძნელი პროგნოზირებადი იყო, რომ ის ოლიმპიურ კვარცხლბეკზე შედგებოდა.

საბედნიეროდ, აკვრაში ყველაფერი ქართველთათვის სასიკეთოდ წარიმართა. სალიმიმ ასპარეზობის დაწყება 245-კილოგრამიანი შტანგით გადაწყვიტა და პირველ და მეორე ცდაზე თითქოს მიზანსაც უწია, თუმცა, მსაჯების გადაწყვეტილებით, მისვლა არ ჩაეთვალა. მე-3 ცდაზე ირანელი ფიცარნაგზე უკვე ფსიქოლოგიურად გატეხილი გავიდა და საბოლოოდ, აკვრაში ასპარეზობა ნოლზე დაასრულა.

ეს უკვე ტალახაძის ჩემპიონობის მომასწავებელი იყო. ისე გამოვიდა, რომ მან ოლიმპიური ოქრო აკვრაში პირველივე ცდით გაინაღდა, როდესაც 242 კგ. ასწია. შემდეგ ლაშამ 247-კილოგრამანი შტანგა დაიმორჩილა, მე-3 ცდაზე კი საერთოდაც 258 კგ-ს გაუმკლავდა და ორჭიდის ჯამში 473 კგ. მოუგროვდა.

შედეგად, ქართველმა ძალოსანმა ხსენებული ჰოსეინ რეზა ზადეს მიერ ჯერ კიდევ 2000 წელს დამყარებული მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდი 1 კგ-ით გააუმჯობესა.

აქ უკვე ის იყო საინტერესო როგორ გადანაწილდებოდა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, რომელთათვისაც თურმანიძესთან ერთად, სომეხი ძალოსნები იბრძოდნენ.

ირაკლიმ რაც მასზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთა. მან 228, 235 და 241 კგ. დაიმორჩილა და კვლავაც პერსონალური რეკორდი დაამყარა. ორჭიდის ჯამში ქართველს 448 კგ. მოუგროვდა და მცირე ხანში გაირკვა, რომ ეს ბრინჯაოს მედლის მომტანი იყო.

სომეხთაგან თურმანიძეს მხოლოდ ხსენებულმა მინასიანმა გაუსწრო, რომელმაც მე-3 ცდაზე 241 კგ. შტანგა აკრა და ჯამურად 451 კგ. მოაგროვა. სამაგიეროდ, დასკვნით ორ ცდაზე 254 კგ-იანი შტანგა ვერ დაიმორჩილა რუბენ ალეკსანიანმა და ქართველი ძალოსანი მე-3 ადგილზე გავიდა.

ცხადია, ქართული დელეგაციის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბედნიერებას ასხივებდნენ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეც, რომელთაც ბიჭების ამგვარად მომზადებისთვის მადლობა ნამდვილად ეკუთვნით.

ძალოსნების ისტორიული შედეგის გათვალისწინებით, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველებს 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოუგროვდათ და საერთო ჩათვლაში მე-40 ადგილზე გადაინაცვლეს.

0.147526