ფეხბურთი

1:36 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" და "გლადბახი" უკვე ჯგუფში არიან (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში ფაქტობრივად განაღდა ინგლისურმა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელმაც ბუქარესტში “სტიაუას” ძალზე მარტივად აჯობა. დიდად არ გასჭირვებია არც მიონხენგლადბახის “ბორუსიას”, რომელმაც ბერნში “იანგ ბოიზის” კარი სამჯერ აიღო. მიზანთან ახლოს არიან ავსტრიული “ზალცბურგი” და რუსული “როსტოვიც”.

პეპ გვარდიოლას “სიტის” რუმინეთში ისეთი დიდი უპირატესობა ჰქონდა, დასაწერადაც რომ არ ღირს – მარტო იმის თქმაც კმარა, რომ “ქალაქელებმა” მეოცე წუთისთვის ორი პენალტის ვერგატანა მოახერხეს და ორჯერვე მიზანში სერხიო აგუერომ ვერ მოარტყა. არადა, არგენტინელმა მერე მთელი ჯავრი ამოანთხია მასპინძლებზე და თამაშიდან სამჯერ აიღო მათი კარი. მის გარდა უგოლოდ მოედანი არც ესპანელებს, დავიდ სილვასა და ნოლიტოს დაუტოვებიათ. მოკლედ, 5:0 და საპასუხო თამაში სრულ ფორმალობად იქცა.

ფორმალობა იქნება “ბორუსია პარკზე” “გლადბახისა” და “იანგ ბოიზის” მატჩიც. ანდრე შუბერტის გუნდმა სტუმრად 3:1 მოიგო – ძალზე საეჭვოა ახლა შვეიცარიელებმა იგივე სასწაული მოახდინონ, რაც წინა ეტაპზე დონეცკის “შახტართან” შესძლეს. ასე რომ, გერმანული გუნდი ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალზე ახლოსაა.

ორივე შეხვედრა კი ერთნაირი სცენარით წარიმართა და ერთნაირი ანგარიშით დასრულდა. ამსტერდამში უმწვრთნელოდ დარჩენილი “როსტოვი” “აიაქსთან” მალევე დაწინაურდა, თუმცა ტაიმის ბოლო დევი კლაასენმა პენალტით გაათანაბრა და მერე აღარაფერი შეცვლილა. წესით, რუსეთის ვიცე-ჩემპიონმა მოპოვებული უპირატესობა საკუთარ კელდებში უნდა გამოიყენოს და ამ შემთხვევაში მისი სახით ლიგას დებიუტანტი ეყოლება. ასევე იგებდა გასვლაზე ავსტრიული “ზალცბურგი” თბილისის “დინამოს” მძლეველ ზაგრების “დინამოსთან”, მაგრამ ხორვატებმა ჰოლანდიელების მსგავსად მარცხს თავი პენალტით დააღწიეს, რომელიც ჩემოდნებზე მჯდარმა მარკო როგიმ გაიტანა. დანიის ჩემპიონმა “კოპენჰაგენმა” კი შინ კვიპროსულ “აპოელს” 1:0 აჯობა და იქეთ კვირაში ნიქოზიაში ურთულესი წუთების გადატანა მოუწევს.

“კოპენჰაგენი” – “აპოელი” 1:0 (1:0) მიმოხილვა

გოლი: 1:0 პავლოვიჩი (43)

“აიაქსი” – “როსტოვი” (1:1) მიმოხილვა

გოლები: 0:1 ნობოა (13), 1:1 კლაასენი (38, პენ)

“დინამო” – “ზალცბურგი” 1:1 (0:0) მიმოხილვა

გოლები: 0:1 ლაზარო (59), 1:1 როგი (76, პენ)

“იანგ ბოიზი” – “გლადბახი” 1:3 (0:1) მიმოხილვა

გოლები: 0:1 რაფაელი (11), 1:1 სულეიმანი (56), 1:2 ჰანი (67), 1:3 რაფაელი (69)

“სტიაუა” – “მანჩესტერ სიტი” 0:5 (0:2) მიმოხილვა

გოლები: 0:1 სილვა (13), 0:2 აგუერო (41), 0:3 ნოლიტო (49), 0:4 აგუერო (78), 0:5 აგუერო (89)

0.313907