საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა უძლიერესად ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი. ბუბა ბერიშვილის, მიხეილ ბერუაშვილის და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლ სლოვაკეთს ყველაფერში აჯობა და საბოლოოდ 23 ქულით – 84:61 გაანადგურა.
ქართველებს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, რადგან 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება ჰქონდათ, ხოლო სლოვაკებს მანამდე 3 მატჩი მოეგოთ და საქართველოს დამარცხების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი ჰქონდათ. ბერიშვილის გუნდმა ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მიუხედავად პირველი პერიოდის 15:16 წაგებისა, მომდევნო მეოთხედებში მეტოქეს აშკარად აჯობა და სლოვაკებს გამანადგურებელი მარცხი აგემა.
სამწუხარო ისაა, რომ ქართველებს ამ მოგებამ პლეი ოფის საგზური ვერ მოუტანა. 2 მოგებითა და 3 მარცხით ბერიშვილის გუნდმა 6-გუნდიან D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა. ქართველებმა უკან მოიტოვეს ისლანდია, რომელმაც ჯგუფის პირველ ტურში ქართველებს 67:57 სძლია და მას შემდეგ ყველა მატჩი დათმო. ჩვენი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ბელგიამ ბულგარეთი 92:67 გაანადგურა და პირველადგილოსან ჩეხეთთან ერთად ჯგუფიდან გავიდა.
საქართველოს ნაკრებს სლოვაკეთთან აბელ ნარსიამ ულიდერა, რომელმაც 11-დან 10 ორიანი ჩააგდო, 20 ქულა მოაგროვა და ამას 9 მოხსნაც მოაყოლა. ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა გიორგი კვაჭანტირაძესაც, რომელმაც 16 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. 15-15 ქულა ჰქონდათ ოთარ პერტაიასა და ირაკლი სულხანიშვილს. ამ უკანასკნელმა პირად ანგარიშზე 7 პასიც ჩაიწერა.
ხვალ ტურნირზე დასვენებაა და 18 აგვისტოდან პლეი ოფთან ერთად საკვალიფიკაციო მატჩები განახლდება. საქართველოს ნაკრები ტურნირის 9-16 ადგილებისთვის იბრძოლებს.
ევროპის U16 ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 16 აგვისტო
საქართველო 84:61 სლოვაკეთი
www.gbf.ge