ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალში სერბ დავორ შტეფანეკთან დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრმა საშინელი განწყობის მიუხედავად, რამდენიმე წაგებული ძიუდოისტისგან განსხვავებით, მიქს-ზონაში კომენტარის გაკეთებას თავი არ აარიდა.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. აშკარად უფრო აქტიური ვიყავი ვიდრე ჩემი მოწინააღმდეგე. ვუტევდი და ვერაფრით ვხვდები, მსაჯმა რატომ გამაფრთხილა. პარტერში კი შტეფანეკმა ყელში მომიჭირა ხელები, გამთიშა და ისე გააკეთა ილეთი. გული მწყდება. ასეთი შანსი მქონდა. ოლიმპიადისთვის ძალიან დიდი მონდომებით ვემზადებოდი, კარგ ფორმაში ვარ და მეტის მიღწევა მართლა შემეძლო. ახლა კი ბრინჯაოს მედლისთვის უნდა ვიბრძოლო. მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან მომიწევს ჭიდაობა” – უთხრა worldsport.ge-ს შმაგი ბოლქვაძემ.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 23 საათიდან დაიწყება. ბოლქვაძის მეტოქე გერმანელი ფრენკ შტაბლერისა და იაპონელი ტომოჰირო ინოეს დაპირისპირებაში გაირკვევა.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში