ჭიდაობა

10:20 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეგი დარჩია: "მიზეზი ალბათ ფსიქოლოგიურ განწყობაში უნდა ვეძიოთ”

ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ექვსი წონითი კატეგორიიდან ოთხში შეივსო საპრიზო სამეულები. საქართველოს ნაკრებს ამ ოთხი წონიდან სამში ჰყავდა მონაწილე, მაგრამ სამივე ჩვენებური საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას. ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ) ოლიმპიურ ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა. რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) მეორე წრეში დამარცხდა, ხოლო იაკობ ქაჯაია (130 კგ) - მეოთხედფინალში. შეგირდების გამოსვლისა და დარჩენილი ორი წონითი კატეგორიის მოჭიდავეთა პერსპექტივის შესახებ WORLDSPORT.GE-ს შეკითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ უპასუხა.

- ჯერჯერობით, მიმდინარე ოლიმპიადიდან იმედგაცრუების გარდა ვერაფერი მივიღე. გაცილებით მეტს მოველოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე არ გამოვიდა, როგორც ვგეგმავდით.

- კონკრეტულად ვისგან ელოდით შედეგს?

- მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ორი მედლის მოპოვებას ვფიქრობდი. ამის შანსი ჯერ კიდევ რჩება და ხვალინდელ დღეზე დიდ იმედებს ვამყარებ.

- მაინც რით ახსნით ამ წარუმატებლობას?

- მთავარი მიზეზი ალბათ ფსიქოლოგიურ განწყობაში უნდა ვეძიოთ. ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ განეწყვნენ. შესაბამისად, თავიანთი შესაძლებლობების მინიმუმიც ვერ გამოავლინეს.

- მთავარი იმედგაცრუება ალბათ დათუნაშვილის საწყის ეტაპზე წაგება იყო. ზურა ბრაზილიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა...

- დათუნაშვილმა ბოლო ოთხ თვეში არაერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი იჭიდავა. ევროპის ჩემპიონატის გარდა, სალიცენზიო შეჯიბრებებშიც გამოვიდა და მართალია იქ ყველაფერი ჩვენდა გასახარად დასრულდა, მაგრამ ხშირმა წონის კლებამ მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა. დროა, წონითი კატეგორია შეიცვალოს და 85 კილოგრამში აიწიოს.

- ისაუბრეთ ამ საკითხზე?

- თავად დათუნაშვილთან არ მილაპარაკია. ოლიმპიადის მოსამზადებელ პერიოდში ამ თემის წამოწევა არ ჩავთვალე საჭიროდ. მის პირად მწვრთნელს კი ვესაუბრე.

- ყველაზე დასანანი მარცხი კობლიაშვილმა იწვნია – ოლიმპიურ თამაშებს ფრით გამოეთიშა...

- მისი მარცხის უმთავრესი მიზეზი ბავშვური შეცდომა იყო. ერთ ეპიზოდში მან გერმანელი დენის კუდლა ხელში აიტაცა და გადაგდება სცადა, რაც არ გამოუვიდა. მეტოქე ხალიჩის ხაზთან რომ გაეყვანა და ილეთი ამის შემდეგ შეესრულებინა, ქულებს აუციებლად აიღებდა და მეოთხედფინალშიც გავიდოდა.

- წილისყრაზე რას იტყვით?

- ვერ ვიწუწუნებ, რომ ფორტუნა ჩვენს მხარეს არაა. ჩვეულებრივი წილისყრაა. არც ცუდი და არც კარგი, რაც მნიშვნელოვანწილად, განთესვის სისტემის ამუშავებამ განაპირობა. მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი ოლიმპიადის სატურნირო ბადეში ერთ მხარეს არ ხვდებიან. თითოეულ წონით კატეგორიაში მხოლოდ 19 მოჭიდავე გამოდის, რომელთაგანაც მხოლოდ 2-3 თუ იქნება სასურველი მეტოქე. დღეს, კობლიაშვილს და ქაჯაიას პირველ შეხვედრებში სწორედ ასეთი მოწინააღმდეგეები ჰყავდათ.

- ბოლქვაძის და ნადარეიშვილის წილისყრაზე რას იტყვით?

- ორივე მეორე წრიდან იწყებს და მათ ბადეებში რამდენიმე ძლიერი სპორტსმენი მოხვდა. ბოლქვაძე ფინელ ტერო სეპო ვაელიმაეკს შეხვდება. ნადარეიშვილის მეტოქე კი სავარაუდოდ ბულგარელი ელის გური იქნება, რომელიც იქამდე ალჟირელ ჰემზა ჰალოუის უნდა დაუპირისპირდეს.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.112817