სხვა

15:14 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეჰდად სალიმი: “ჩემი უმთავრესი მეტოქე ქართველი ლაშა ტალახაძეა”

რიოში მყოფი ქართული დელეგაცია ჯერაც პირველი ოქროს მედლის მოლოდინშია და ამ მხრივ, უდიდესი იმედები ძალოსან ლაშა ტალახაძეზეა. ქართველი მძიმეწონოსანის უმთავრესი მეტოქე უძლიერესი ირანელი ბეჰდად სალიმი კორდასიაბი იქნება, რომელიც 2012 წელს ლონდონში მოპოვებული ჩემპიონის ტიტულის დაცვას ეცდება.

26 წლის სალიმის გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა, რიომდე ფორმაში შესვლა მაინც მოასწრო და კვლავაც უმთავრეს ფავორიტად მოიაზრება. ირანელმა მომავალი ბატალიების შესახებ tehrantimes-თან ისაუბრა და უპირველეს კონკურენტად სწორედ ტალახაძე დაასახელა.

“შეჯიბრებისთვის კარგად მოვემზადე. გასული თვეების განმავლობაში ბევრს ვვარჯიშობდი. ყველაფერი იმას მოასწავებს, რომ ძალიან საინტერესო ტურნირი იქნება. პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ ის ვიცი, რომ წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ. სომხეთიდან, საქართველოდან და ესტონეთიდან რამდენიმე ახალი მოწინააღმდეგე მეყოლება და ურთულესი მისია მელის. ვფიქრობ, ყველაზე სახიფათო მეტოქე ქართველი ლაშა ტალახაძეა”.

ცნობისთვის, ბეჰდად სალიმის ზურგს ჩინებული კარიერა უმაგრებს. ოლიმპიადის გარდა, მას მსოფლიოს ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული, აზიის ჩემპიონი სამჯერ ყოფილა და ორჯერაც აზიური თამაშების გამარჯვებულია.

საინტერესოა, რომ სწორედ ირანელს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი ატაცში. 2011 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან 214-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და საბოლოოდ, ოქროს მედალი არავის დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ აკვრაში სალიმის საუკეთესო მაჩვენებელი 255 კგ-ია (2014 წელს, სამხრეთ კორეაში გამართულ აზიის თამაშებზე), თუმცა, მისი ბოლო შედეგები რეკორდებს საგრძნობლად ჩამორჩება.

ირანელი ძალოსანი ფართო საზოგადოების წინაშე ბოლოს მიმდინარე წლის მაისში თეირანში გამართულ ფაჯრის თასზე წარსდგა და მართალია, პირველობა არავის დაუთმო, შედეგები შთამბეჭდავი ნამდვილად არ ჰქონია.

ბეჰდადმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, მაგრამ 205 კგ-ს ვერ ასცდა (მანამდე, 196-ს და 201-ს გაუმკლავდა), აკვრაში კი მხოლოდ 1 მისვლა გამოიყენა 225 კგ-ზე, შემდეგ კი, 231-კილოგრამიანი შტანგა ორჯერ დაუვარდა. შედეგად, გამოვიდა, რომ ირანელი მე-2 მოძრაობაში თავის საუკეთესო შედეგს ერთბაშად 30 კგ-ით ჩამორჩა.

დასასრულ შეგახსენებთ, რომ რიოცენტროს მე-2 პავილიონში მძიმეწონოსან (+105 კგ.) ძალოსანთა შეჯიბრი თბილისის დროით 17 აგვისტოს 02:00 საათზე დაიწყება. ელიტარულ A ჯგუფში ტალახაძის და სალიმის გარდა, კიდევ ერთ ქართველს, ევროპის ჩემპიონ ირაკლი თურმანიძესაც ვიხილავთ.

0.121991