საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა რუსეთთან ოვერტაიმში წაგებული მატჩი (97:100) და მთლიანად თბილისის მერიის თასი შეაფასა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, იგი მთლიანობაში კმაყოფილია საქართველოს ნაკრების თამაშით და კალათბურთელებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
ზუროსი მიიჩნევს, რომ მოსამზადებლად ძალზე საჭირო და კარგი სპარინგ მატჩები იყო და ახლა მთავარი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია.
„პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას იმ ადამიანებს, რომლებიც მივიდნენ და მთელი გულითა და სულით უქომაგებს საქართველოს ნაკრებს. აღნიშნულ სამ თამაშში უმეტეს მოთამაშეს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ მათი გარჯით.
დღეს საკმაოდ უცნაური თამაში იყო, მეტოქეს მაღალი მოთამაშეები არ ჰყავდა, აკლდა მოზგოვი და ამიტომაც, უფრო დაბალ კალათბურთელებსა და შორეულ სტყორცნებზე გაკეთდა აქცენტი. ჩვენ რაც დავინახეთ და გამოვასწორეთ, გადამწყვეტ მომენტებში თითოეულ დეტალს მივაქციეთ ყურადღება. ტურნირი დამთავრდა და მე კმაყოფილი ვარ. ჩვენ ახლა დავიწყებთ დასკვნით მზადებას, რომ 31 აგვისტოს ვიყოთ ფორმის პიკზე.
ჩემს კალათბურთელებს თამაშის შემდეგ მოვუწონე ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც გამოავლინეს. ჩვენ პროფესიონალები ვართ, კალათბურთელები ვართ - საქართველოსა და რუსეთს შორის რაც იყო, სჯობს წარსულში დარჩეს და მხოლოდ მომავალზე ვიფიქროთ. ჯამში ორჯერ ვითამაშეთ, სახლში და გარეთ და ორივე შემთხვევაში მასპინძლობა იდეალური იყო.
როდესაც, ფაჩულიამ მეხუთე ფოლი მიიღო ვიფიქრეთ, ბურჯანაძე შეგვეყვანა თუ შერმადინი, მაგრამ ვარჩიეთ უფრო მოძრავი კალათბურთელი, რადგან რუსეთის ნაკრებმა ბოლო მატჩებში სამქულიანები ძალზე მაღალი შედეგიანობით ისროლა და გვსურდა, რომ ხელი შეგვეშალა. შერმადინმა კარგად ითამაშა, ისევე როგორც ზაზამ და მადლობა მათ. ასევე, მთელ გუნდს. ჩვენ დღეს ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, რომელსაც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. სასწავლად და მოსამზადებლად ძალიან კარგი სპარინგი გახლდათ“, - განაცხადა მატჩის შემდეგ ზუროსმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 31 აგვისტოს დაიწყებს. ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის მეტოქეები ალბანეთის, სლოვაკეთი და მონტენეგრო იქნებიან.