რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის სახეობის გაუთვალისწინებლად, თუ ვინმე ფავორიტად სახელდებოდა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ტედი რინერი იყო. ფრანგი მძიმეწონოსანი ძიუდოისტი ბრაზილიაში მსოფლიოს 8-გზის, ევროპის 5-გზის და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის რანგში ჩავიდა და უმდიდრეს კოლექციას კიდევ ერთი ოქრო შემატა, თუმცა ფინალში იაპონელი ჰასაიოში ჰარასავას ძლევა გვარიანად გაუჭირდა. მიქს ზონაში ფრანგი გოლიათის ჩასაწერად უამრავი ჟურნალისტი შეიკრიბა. საუკეთესო პოზიციები რა თქმა უნდა ფრანგულ ტელე და მედია ჟურნალისტებს დაუთმეს, იქვე იყო გავლენიანი ტელევიზიებისა და გამოცემების ზონა, რომლებსაც პრეს ლოჟაშიც კი მონიშნული აქვთ თავისი ადგილები.
ჩემპიონმა ინტერვიუები არიგა, მაგრამ ის იყო, ჩვენს ზონას უნდა მოსდგომოდა, ჯებირებით გაკეთებულ დერეფანში გავლა რატომღაც აღარ ისურვა, ჯებირს გადაახტა და გასახდელში შეირბინა.
ტედი რინერის ჩაწერაზე აღარც ვფიქრობდი, როდესაც პრეს-ცენტრში მოულოდნელად, მძიმეწონოსან ჩემპიონ-პრიზიორთა პრესკონფერენციის შესახებ გვაცნობეს. ჟურნალისტებთან შესახვედრად ჯერ მარტო ჰარასავა მოვიდა. თქვა, რომ ძალიან უნდოდა ჩემპიონობა და უძლიერეს მეტოქესთან დამარცხდა. ხუთიოს წუთში კი ჰარასავამ დარბაზი დატოვა და მაგიდას რინერი და ბრინჯაოს პრიზიორები: ებრაელი ორ სასონი და ბრაზილიელი რაფაელ სილვა მიუსხდნენ. მესამეადგილოსნებმაც მოკლე კომენტარები იკმარეს და დიდად არც შეკითხვებით შეუწუხებიათ, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში უმრავლესობა ბრაზილიელი ჟურნალისტები იყვნენ. როგორც ჩანს, თავიანთ მძიმეწონოსანთან გასარკვევი მიქს ზონაშივე გაარკვიეს.
ტედი რინერს კი დაახლოებით თხუთმეტი წუთი დაუთმეს.
"დღეს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი დღეა, რადგან კოლექციას ახალი ოქროს მედალი შეემატა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები გავახარე. მათგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი, რისთვისაც მადლობას ვუხდი. რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემთვის საკმაოდ მძიმე იყო, რადგან ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, შევძელი ოცნების ასრულება – მეორედ გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. ძალიან მიყვარს ეს საქმე და თითოეული გამოწვევა. ყოველთვის ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლო, რადგან განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა პირველ ადგილზე გადიხარ. ძალიან მიყვარს ჩემპიონობა. ახლა კი დასვენება მჭირდება და უახლოესი თვეების განმავლობაში თავს ამის უფლებას მივცემ. ძალები უნდა აღვიდგინო” – გვითხრა ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ რინერთან მისვლა და რამდენიმე შეკითხვის დასმა ვცადე, მაგრამ ვოლონტიორებმა მასთან მიახლოების უფლება არავის მისცეს.
ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში