გერმანიის ნაკრების მარცხენა მცველი იონას ჰექტორი “კიოლნში” რჩება. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება, 26 წლის მცველთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა, რომელსაც ვადა 2021 წლის 30 ივნისს გაუვა.
ასე და ამრიგად, ჰექტორის რომელიმე ევროპულ გრანდში გადასვლის საკითხი ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, დაიხურა. შეგახსენებთ, ჰექტორმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე დამაჯერებლად ითამაშა და დიდი გუნდების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მას ყველაზე მეტად ინგლისურ “ლივერპულთან” აკავშირებდნენ.
იონას ჰექტორი “კიოლნის” აკადემიის აღზრდილია და სხვაგან არც უთამაშია. მთავარ გუნდში მან ფეხი 2012-2013 წლების სეზონიდან მოყოლებული მოიკიდა. გასულ სეზონში კი, ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.