სხვა

10:56 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: "ტრაგიკული არაფერია, წინ გვაქვს სახეობები, რომლებშიც...”

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ რიოს 2016-ზე იმ სახეობების გამოსვლა შეაჯამა, რომლებმაც ოლიმპიური თამაშები უკვე მოილიეს. ოლიმპიურ სოფელში, საქართელოს დელეგაციის ოფისში გამართულ შეხვედრაძე, რომელსაც ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, მისიის ხელმძრვანელები, ფედერაციების წარმომადგენლები და სპორტსმენები.

მედალოსნებს და პირველ - მერვე ადგილებზე გასულებს გადაეცათ საერთაშრისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები. ლერი ხაბელოვმა მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველების გამოსვლის შესახებ "მსოფლიო სპორტთანაც” ისაუბრა. მცირე ინტერვიუს უმეტესი ნაწილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს დაეთმო.

- დასრულდა ძიუდოში მედლების გათამაშდება. ამ სახეობაში ქართველი გულშემატკივრები ყველაზე მეტად ელოდნენ მაღალ შედეგებს და საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებული ვერცხლი და ბრინჯაო ბევრმა წარუმატებლობადაც მიიჩნია...

- პირველ ყოვლისა, მივულოცავ ლაშა შავდათუაშვილს და ვარლამ ლიპარტელიანს წარმატებას. რაც შეეხება მთლიანად ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლას, რა თქმა უნდა, ოქროსაც ველოდით, მაგრამ მოდით საკითხს უფრო რეალურად შევხედოთ. მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე, რომელიც ყაზახეთში ჩატარდა, ჩვენმა ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მე შეფასებას ყოველთვის ბოლო შედეგებიდან გამომდინარე ვაკეთებ ხოლმე და ამის გათვალისწინებით ძიუდოისტების მიერ ოლიმპიადაზე გამოსვლას დამაკმაყოფილებელს დავარქმევ. სურვილი და ოცნება ერთია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა – ის რაც ოლიმპიადიდან მივიღეთ.

- ქომაგების ერთი ნაწილის აზრით, ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიური თამაშებისთვის სათანადოდ არ იყო მომზადებული. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- გუნდი რომ ოლიმპიადას მოუმზადებელი შეხვედროდა, ასეთ შედეგს ვერ მიაღწევდა. წონითი კატეგორიებით რომ შევაფასოთ, თითქმის ყველა ძიუდოისტმა მაღალი შედეგი აჩვენა. შეიძლება 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილს მეტისთვის უნდა მიეღწია, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება. წინასწარ ვერ დაგეგმავ, რომ აუცილებლად მოიგებ.

- თუ საიდუმლო არაა, რამდენ მედალს ელოდით ძიუდოში?

- კიდევ ერთ მედალს.

- ოქროს?

- არ ვიტყოდი, რომ აუცილებლად ოქროს. უბრალოდ მეგონა, ეს გუნდი ერთით მეტ მედალს მოიპოვებდა.

- შემდეგ რას ელოდებით?

- საქმეში ჯერ არ ჩართულან ჩვენი ძალოსნები და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. სწორედ ამ ორ სახეობაში ველოდებით ოქროს მედალს.

- სპორტის სხვა სახეობებში ქართველი სპორტსმენების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

- დავიწყებ ლუბა გოლოვინათი, რომლისგანაც საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას და ფინალში გამოსვლას ველოდით. ასეც მოხდა და ლუბას შედეგს წარმატებად მივიჩნევ. კმაყოფილი ვარ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის თამაშით. ეს ბიჭი მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერს პაბლო კუევასს დაუპირისპირდა და მხოლოდ გადამწყვეტ, მესამე წრეში დამარცხდა. იგივეს ვიტყვი სანდრო ბაზაძეზეც – მეორე წრეში დრამატულ ბრძოლაში 14:15 წააგო სამხრეთკორეელ მეტოქესთან, რომელიც შემდეგ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად ყველამ იბრძოლა. ზოგიერთ სახეობაში ცხადია მეტს ველოდით და ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ტრაგიკული ამაში არაფერია. წინ გვაქვს სახეობები, რომლებშიც შეგვიძლია მეტს მივაღწიოთ.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.139664