კალათბურთი

1:18 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინას სძლია და სატიტულოდ რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა – თავისი მატჩი მოიგო რუსეთმაც და თბილისის მერიის თასისთვის ერთმანეთს ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველო და სერგეი ბაზარევიჩის რუსეთი დაუპირისპირდებიან.

მიუხედავად გამარჯვებისა, ქართველების მწვრთნელი თამაშით კმაყოფილი არ იყო. ილიას ზუროსმა განაცხადა და ეს მაყურებლებმაც დაინახეს, რომ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგად ვერ ითამაშა. ლიდერი არაერთხელ შეიცვალა, მთელი თამაშის მანძილზე თანაბარი და უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა ქართველებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და მეტოქეს თავისზე მეტი შეცდომები დააშვებინეს – რისი წყალობითაც 73:69 იმარჯვეს.

ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია. ზუროსმა კაპიტნის არყოფნა იმით ახსნა, რომ ზაზა გუნდს ახალი შეერთებულია, დიდი დატვირთვებისთვის მზად არა, მით უმეტეს, როცა წინ რუსეთთან პრინციპული მატჩია. ფაჩულია მწვრთნელებმა დაასვენეს, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და ფარქვეშ უპირატესობა მოიპოვეს.

ილიას ზუროსი ხშირი შეცვლებით და ტაქტიკის ცვალებადობით ცდილობდა სამწამიან ზონაში გაჩენილი ნაპრალის ამოვსებას. ერთხანს ქართველები ნომინალური ცენტრის გარეშე იყვნენ და სწრაფი, კონტრშეტევებზე აწყობილი თამაშით გავიდნენ ფონს, თუმცა თორნიკე შენგელიასა და ვიქტორ სანიკიძის მოწადინებით, რომელსაც ხელს გიორგი შერმადინიც აშველებდა, საქართველომ უკრაინელთა ფარქვეშა აქტივობა გაანელა.

დიდი სამუშაო გასწია სანიკიძემ, რომელიც 20 ქულით ბომბარდირი გახდა. უკრაინელები არ ცხრებოდნენ და უკანახაზელთა შორი თუ საშუალო სროლებით ცდილობდნენ ლიდერობის მოპოვებას, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. გიორგი ცინცაძის, მაიკლს დიქსონისა და დუდა სანაძის გარჯით, რომლებსაც პერიოდულად ბექა ბურჯანაძე ეხმარებოდა, ქართველებმა უკრაინელთა შეტევებს ეფექტი დაუკარგეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.

ტურნირის ბოლო დღეს, 14 აგვისტოს, მესამე ადგილისთვის უკრაინა და ჰოლანდია შეხვდებიან, ხოლო თასის მოსაგებად ერთმანეთს საქართველო და რუსეთი დაუპირისპირდებიან. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 1 კვირის წინ, მოსკოვში გაიმართა, სადაც საქართველომ მეორე ტაიმი ჩააგდო და საბოლოოდ, დიდი სხვაობით დამარცხდა. არსებობს ალბათობა, რომ რუსებს არ ეყოლებათ ტიმოფეი მოზგოვი, რომლმაც უკრაინასთან ფეხი იტკინა და გუშინ ჰოლანდიასთან არ უთამაშია.

თბილისის მერიის თასი 2016. სპორტის სასახლე, 13 ავისტო

ჰოლანდია 74:86 რუსეთი

საქართველო 73:69 უკრაინა

www.gbf.ge

0.114071