საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აცხადებდა, რომ მისმა გუნდმა დაცვაში თამაში უნდა გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება.
როგორც ბერძენმა სპეციალისტმა თქვა, რუსეთთან მატჩში სპორტის სასახლეში ანშლაგს ელოდება.
„პირველ რიგში მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ ჩვენს საქომაგოდ. დღეს, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ დაცვის დალაგება და არ ვარ კმაყოფილი დაცვის თამაშით. მე მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია მაღალ დონეზე ითამაშოს დაცვაში და ჩვენ ამას გავაკეთებთ. კარგი დაცვის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, გადავწყვიტე დაგვესვენებინა ხვალინდელი მატჩისთვის, რადგან იგი ახლახან შემოგვიერთდა შეკრებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეროებ, რომ ჩვენი მიზანია ვითამაშოთ, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური დაცვა - ეს ჩემი ფილოსოფიაა. კარგ გუნდებს შედეგები მხოლოდ დაცვის თამაშის ხარჯზე აქვთ. შეტევაში გვყავს ინდივიდუალური მოთამაშეები, რომელთაც შეუძლიათ მეტის გაკეთება. აქედან გამომდინარე დაცვას უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობ. ასევე, მინდა, რომ ხვალინდელ მატჩში დარბაზი გაივსოს.
დაცვაში არცთუ ისე კარგმა თამაშმა განაპირობა, რომ სწრაფი შეტევებიც თითქმის არ გვქონია. რა თქმა უნდა, ზაზას არყოფნამაც იქონია გავლენა იმაში, რომ მთლიანობაში კარგად ვერ ვითამაშეთ.
პირველ რიგში ესაა მოსამზადებელი თამაშები. რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო გადამწყვეტია, რომ კარგად მოვემზადოთ. ჩვენთვის დღევანდელი თამაში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და ხვალ ეს უნდა გამოვასწოროთ. რაც შეეხება რუსეთთან ცოტა ხნის წინ წაგებულ მატჩს - 23-ე წუთამდე ვიგებდით, თუმცა შემდეგ ცინცაძე დაგვიშავდა და უპირატესობა ვეღარ შევინარჩუნეთ. ასე რომ, ჩვენი, გულშემატკივრების, ჟურნალისტების მთავარი მიზანი უნდა იყოს გუნდის განვითარება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ყველაფერს გავაკეთებთ და აუცილებლად ვათამაშებ საქართველოს ნაკრებს კარგ დაცვას, რაც წარმატების საწინდარია.
დუდა სანაძეზე ჩვენ ნამდვილად არ გვითქვამს, რომ სამქულიანები არ ისროლოს. იგი ძალიან კარგი კალათბურთელია, უბრალოდ გამოცდილება აკლია. ამერიკაში კოლეჯის დონეზე თამაშით ვერ გავიგებთ იგი როგორ ფორმაშია, როგორი სეზონი ჩაატარა - კარგი თუ ცუდი. აქედან გამომდინარე, დუდა რაც უფრო გამოცდილებას მიიღებს, მითუფრო უკეთესი მოთამაშე გახდება. ხანდახან ჩვენ ვართ აგრესიულები, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ მათთვის უკეთესი გვინდა და უკეთ ითამაშონ.
ნომინალური ცენტრის გარეშე თანამედროვე კალათბურთში თამაშობენ და ეს მიღებული პრაქტიკაა. სწორედ ამიტომ, დღეს იყო მომენტები, როდესაც მოედანზე ცენტრი არ გვყავდა და ამ მომენტში თავი უკეთ დავიცავით. მართალია, შეტევებიც ვერ დავასრულეთ შედეგიანად, მაგრამ დაცვაში აშკარად უკეთ გავისარჯეთ“, - თქვა ზუროსმა