საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა თეთრ ჯგუფში. ქობულეთში „შუქურამ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და პირველი ტაიმის მოგების მიუხედავად, საბოლოოდ 1:3 წააგო. მასპინძლები ტაიმის მიწურულს გიორგი ბერიაშვილის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ ჯერ საბა ლობჟანიძემ აღადგინა წონასწორობა, მალევე დიმიტრი ტატანაშვილმა წინ გაიყვანა მისი გუნდი. საჩხერელთა მესამე გოლი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე თორნიკე მუმლაძემ ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე.
უგოლოდ დასრულდა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „ლოკომოტივსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება. ეს ქუთაისელთათვის ზედიზედ მეორე უგოლო ფრეა და მათ აქტივში 2 ქულა ირიცხება, „ლოკომოტივისთვის“ კი დღევანდელი მატჩი პირველი იყო, რადგან თბილისელები პირველ ტურში ისვენებდნენ.
თეთრ ჯგუფს ამ დროისთვის 4 ქულით „ჩიხურა“ ლიდერობს, მაგრამ მას დღესვე შეიძლება წამოეწიონ თბილისის „დინამო“ ან ლანჩხუთის „გურია“, რომელთა დაპირისპირება „დინამო არენაზე“ დღეს, 20:00 საათზე დაიწყება. ამ ტურში თეთრ ჯგუფში „ცხინვალი“ ისვენებს.
წითელი ჯგუფის გუნდები მეორე ტურის მატჩებს ხვალ გამართავენ: „სამტრედია“ საკუთარ მოედანზე ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს, „კოლხეთი“ ფოთში ბათუმის „დინამოს“ დაუხვდება, გორში კი „დილა“ „ზუგდიდს“ მიიღებს. ამ ჯგუფში მეორე ტურში "საბურთალო" ისვენებს.