სხვა

15:33 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საგარეჯოელებს” ოლიმპიური ოქროები თბილისის ბინებად დაუფასდებათ

კლუბ "საგარეჯო სუპერ სტარის” წევრი სპორტსმენები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობის შემთხვევაში ორ-ორი ბინით დაჯილდოვდებიან. სამშენებლო კომპანია "სვეტის” მიერ ყველა ქართველი ჩემპიონისთვის დაწესებულ ჯილდოს – ბინას ბათუმში, "საგარეჯოელთათვის” თბილისური ბინაც დაემატება. ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს” კლუბის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა აცნობა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროშია და თავისი გუნდის წევრებს ტრიბუნიდან ქომაგობს.

"ოლიმპიური ჩემპიონებისთვის ჯილდო ჯერ კიდევ ბრაზილიაში წამოსვლამდე დავაწესეთ. ჩვენი გუნდის წევრებს ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში თბილისში ოროთახიან ბინებს გადავცემთ” – გვითხრა გია ნაცვლიშვილმა.

"საგარეჯო სუპერ სტარის” წევრთაგან რიო 2016-ის ლიცენზია 4-მა სპორტსმენმა მოიპოვა. მათგან ძიუდოისტებმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (100 კგ) უკვე დაასრულეს გამოსვლა. შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლით, ხოლო ღვინიაშვილმა – მე-7 ადგილით. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) კი მედლებისთვის ბრძოლაში 19 და 20 აგვისტოს ჩაებმებიან.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.108727