ურუგვაელი ფორვარდი დიეგო ფორლანი კარიერას ინდოეთში გააგრძელებს. El Pais-სთან ინტერვიუში 37 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ინდოეთის სუპერლიგის კლუბ “მუმბაი სიტისთან” სამთვიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფორლანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამშობლოში, “პენიაროლის” ღირსებას იცავდა. ვეტერან თავდამსხმელს კარიერის საუკეთესო წლებში “მანჩესტერ იუნაიტედში”, “ვილიარეალში”, მადრიდის “ატლეტიკოში” და მილანის “ინტერში” უთამაშია. ყველაზე შედეგიანი ის მადრიდულ კლუბში იყო, სადაც 134 მატჩში 74 გოლი გაიტანა, გუნდთან ერთად ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასიც მოიგო. ფორლანი ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში 2002-2015 წლებში გამოდიოდა და 112 შეხვედრაში 36 გოლის გატანა შეძლო.