საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ქართველებმა მასპინძელთა ნაკრებს სძლიეს და წინა დღეს ისლანდიასთან მარცხის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა გამოისწორეს.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დიდი მობილიზებით ჩაატარა მთელი თამაში და ბულგარეთის საკმაოდ მძლავრ გუნდს 7 ქულით – 82:75 სძლია. ბულგარელებმა პირველ ტურში ჩეხებთან დაძაბულ ბრძოლაში – 82:84 დათმეს, ხოლო ჩეხებმა გუშინ ბელგიას 55:52 სძლიეს. ერთი სიტყვით, ჯგუფში, სადაც საქართველოა, ძალები მეტნაკლებად თანაბარია და სავარაუდოდ, ბოლო ტურამდე გაურკვეველი იქნება იმ 2 გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში გავლენ.
ბულგარეთთან მატჩში თავი ისახელა ლაშა მიქელაძემ, რომელმაც 25 ქულა და 15 მოხსნა (8 მეტოქის ფარზე) მოიპოვა. მიქელაძემ 16 ცდიდან 11 ორქულიანი ჩააგდო რასაც 6-დან 3 საჯარიმო მოაყოლა. ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა, ხოლო ოთარ პერტაიამ გუნდს 15 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა შემატა.
მომდევნო მატჩს 16-წლამდელები დღეს ბელგიასთან, თბილისის დროით 22:30 საათზე გამართავენ.
ევროპის U16 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სოფია. ბულგარეთი. 12 აგვისტო
საქართველო – ბულგარეთი 82:75 (23:19, 21:17, 18:16, 20:23)
www.gbf.ge