კალათბურთი

0:48 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ქართველები ბერძნებს ჰგავხართ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის მერიის თასის პირველ ტურში ჰოლანდიას 11 ქულიანი სხვაობით, 77:66 მოუგო. მატჩისშემდგომ ჟურნალისტების კითხვებს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა უპასუხა.

ბერძენი სპეციალისტის თქმით, საქართველოს ნაკრებს დაცვაში თამაში გასაუმჯობესებელი აქვს. მისივე განცხადებით, აქილევსის ქუსლი პერიმეტრზე თამაში არაა, რადგან პორტუგალია სამქულიანებს ძალიან კარგად ისვრის, მაგრამ ჩვენთან თამაშისას ეს კომპონენტი კარგად ვერ გამოიყენესო. იქვე ზუროსმა, ქართული და ბერძნული ხასიათი ერთმანეთს შეადარა - მისი თქმით, ორივე ერისთვის სამშობლოს ღირსების დაცვა ყველაფერზე მაღლა დგას.

„პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას. მე მჯერა ჩემი მოთამაშეების და დარწმუნებული ვარ, რომ დაცვაში თამაშს გამოვასწორებთ. რადგან, დაცვა არის ის მექანიზმი, რომლის კარგი თამაში აუცილებელია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. რაც შეეხება შეტევას - ეს, ის ხაზია, რომელსაც პირველ ყოვლისა შეთამაშება სჭირდება და მჯერა, რომ ამას მალე მოვახერხებთ. ამასთან, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც გვქომაგობდნენ და ვისურვებდი, რომ ისევ მოსულიყვნენ და გაევსოთ დარბაზი იმ თამაშებში, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ, ქართველები და ბერძნები გვანან ერთმანეთს იმ მხრივ, რომ მათთვის სამშობლოს სახელი დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია. მე მიმუშავია საბერძნეთში და სწორედ ამიტომ ვამბობ ამას.

ნაკრებში გამოძახებულ კალათბურთელებს რაც შეეხება, მე არათუ სუპერლიგის, არამედ პირველი ლიგის მწვრთნელებსაც ვესაუბრე და ისე შევარჩიე კანდიდატები. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეს ყველაფერი, რაც მოხდა, ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, გავიზიარე მათი მოსაზრებებიც. ახალგაზრდა კალათბურთელები უნდა შეერწყან ნაკრებს, უნდა ივარჯიშონ დიდ კალათბურთელებთან, დაეთმოს სათამაშო დრო. კალათბურთი ცხოვრებას ჰგავს - როდესაც 18 წლის ხდები რჩები მარტო, უნდა აირჩიო სწორი მიმართულება. ასეა კალათბურთიც, 18, 19, 20 წლის მოთამაშე არაა პატარა და უკეთესია მან ეროვნულ ნაკრებში თუნდაც ივარჯიშოს, ვიდრე ასაკობრივ ნაკრებში ბევრი ქულა ჩააგდოს“, - განაცხადა ზუროსმა.

0.114742