საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ჰოლანდიასთან რევანშის აღება მოახერხა. ცხადია, თბილისის მერიის თასზე მოპოვებული გამარჯვება 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე განცდილ მარცხს ვერ გადასწონის, თუმცა, მაინც სასიამოვნოა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ქართულ-ჰოლანდიური დაპირისპირება ზაგრებში გასული წლის 5 სექტემბერს შედგა და ჩვენი გუნდისთვის შოკის მომგვრელი გამოდგა. ევრობასკეტ-2015-ის ჯგუფური ეტაპის საწყისი მატჩი დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და “ნარინჯისფრების” გამარჯვებით (73:72) დასრულდა.
სათქმელია, რომ იმ შეხვედრის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა თბილისშიც ვიხილეთ. ჰოლანდიელები კვლავაც კოლორიტულმა თავკაცმა ტოონ ვან ჰელფტერენმა ჩამოიყვანა და პარკეტზე იყო ქართველთათვის ავადსახსენებელი შარლონ კლოოფიც, რომელმაც “არენა ზაგრებზე” გამართულ მატჩში 22 ქულა მიითვალა, ამჯერად კი, უქულოდ დარჩა.
იმ თამაშთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ქართველთა სათადარიგოთა სკამზე იყო. თუკი სერბმა იგორ კოკოშკოვმა “ნარინჯისფრებთან” ფიასკო განიცადა, ბერძენ ილია ზუროსისთვის ჰოლანდიელებთან გაცნობითი სახის დაპირისპირება ფეხბედნიერი გამოდგა.
საქართველოს ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადების ციკლში მე-4 საკონტროლო მატჩს მართავდა, სიახლე კი ის გახლდათ, რომ გუნდს კაპიტანი ზაზა ფაჩულია შეუერთდა. შესაბამისად, შეიცვალა სასტარტო ხუთეულიც.
გიორგი შერმადინის ნაცვლად, პირველივე წუთებიდან მოედანზე აწ უკვე “გოლდენ სტეიტის” ცენტრი გამოჩნდა, რომელსაც პარტნიორობას გიორგი ცინცაძე, მაიკლ დიქსონი, თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძე უწევდნენ.
თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუკი მანუჩარ მარკოიშვილმა ტრავმა დროულად ვერ მოიშუშა, ზუროსი ოფიციალურ მატჩებშიც ამ ხუთეულს დაეყრდნობა, რომელსაც შესათამაშებლად დრო კიდევ საკმარისი აქვს. ცხადია, ამ შემთხვევაში ახალი ნატურალიზებული ამერიკელის გაშინაურებას ვგულისხობთ, თორემ დანარჩენებს ზურგს ერთად ასპარეზობის დიდი გამოცდილება უმაგრებთ.
მატჩის პირველი ზუსტი შეტევა უორსი დე იონგმა შეასრულა, მალე ზუსტი ორქულიანი ზაზა ფაჩულიამ განახორციელა და თამაშიც გახურდა. ორივე გუნდი სწრაფ შეტევებს ცდილობდა, რის გამო უზუსტობებიც ხშირი იყო. ყოველივეს ქართველთა მიერ ლამაზად გარჯის მცდელობაც ერთვოდა, რამაც რამდენჯერმე დიდებული შედეგი მოიტანა, ხშირად კი მომენტი ბურთის დაკარგვით სრულდებოდა.
საწყისი მეოთხედი 18:19 დასრულდა, მეორის სტარტზე კი, სტუმრები ჩვეული სამქულიანების ხარჯზე (მათ 10 შორეული ტყორცნა გამოიყენეს) 25:22 დაწინაურდნენ, როდესაც საქართველოს ნაკრებმა იფეთქა. ჩინებული სპურტი მეოთხედის მე-4 წუთზე დაიწყო და მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ და ბექა ბურჯანაძემ 4 სამქულიანი გამოიყენეს. იმავე დიქსონმა ორქულიანს ბონუს-ჯარიმაც წაამატა, ბურჯანაძემაც ზუსტად შეუტია და შედეგად, მცირე მონაკვეთი 17:0 (!) მორჩა.
ტაიმის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე, საქართველოს ნაკრები 41:28 დაწინაურდა და თითქოს შესვენებაზე გულდამშვიდებული უნდა გასულიყო, თუმცა, “ჩავარდნას” მაინც ვერ გადაურჩა. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეროვნული გუნდის მთავარი პრობლემა მოკლე სათადარიგოთა სკამია. საკმარისი იყო, ზუროსს საქმეში ღრმა სამარქაფოები ჩაერთო, რომ ჰოლანდიელება 9 უპასუხო ქულა მიითვალეს და ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანეს.
აქედანვე სჩანს, რომ შესარჩევ ციკლში ბერძენი სპაციალისტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ნაკრების ლიდერებისთვის დროის სწორად გადანაწილება იქნება. ცხადია, წამყვანი მოთამაშეების “გადაწვა” უპრიანი არაა, თუმცა, მწვრთნელმა იმდენი უნდა მოახერხოს, რომ გადამწყვეტ მომენტებს გამოცდილი კალათბურთელები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ.
სხვათა შორის, მე-2 ტაიმში გუნდი უფრო კონცენტრირებული გამოვიდა და კარგი იყო ისიც, რომ საჭირო ჟამს მეტოქის უსაფრთხო დისტანციაზე მოტოვება კიდევ ერთხელ მოახერხა. საერთოდაც, სჩანდა, რომ საქართველო კლასით მეტოქეზე მაღლა იდგა და ეს რომ ოფიციალური შეხვედრა ყოფილიყო, საქმეს გაცილებით ადრე მოითავებდა.
ასე კი, ჯერ კიდევ დასკვნითი მეოთხედის სტარტზე მასპინძელთა უპირატესობა მხოლოდ 2 ქულა იყო. სწორედ ამ დროს შერმადინმა 2 ზუსტი შეტევა განახორციელა, მალევე მის ნაცვლად შესულმა ფაჩულიამაც ზუსტად ისროლა, ბურჯანაძე და ვიქტორ სანიკიძეც შედეგიანად გაისარჯნენ და ბოლოს ცინცაძემაც ჩააგდო, რომელიც ლამის მთელი თამაში უქულოდ იყო, თუმცა, მოედანზე უდიდეს სამუშაოს ასრულებდა (არაერთ შთამბეჭდავ დრიბლინგს 7 შედეგიანი პასი მიაყოლა).
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 77:66 იმარჯვა და კარგია, რომ ქულებიც მეტნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. მასპინძელთაგან 6 და მეტი ქულა ექვსმა კალათბურთელმა მიითვალა, ყველაზე შედეგიანი კი ვიქტორ სანიკიძე იყო 16 ქულით. 13 ქულა ჩააგდო დიქსონმა, რომელმაც ამჯერადაც დამაჯარებლად ითამაშა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუროსს მისი სახით აშკარად “სწორი” მოთამაშე ჰყავს დამატებული.
ცხადია, გამოსარჩევია ფაჩულიას 8 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასიც, შერმადინმა კი თამაშიდან 5-ვე სროლა გამოიყენა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ნაკრებში ცენტრის პოზიციაზე ყველაზე მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ. კარგი იყო ბექა ბურჯანაძეც, რომელმაც მისთვის ბოძებული 12 წუთი მაქსიმალურად კარგად გამოიყენა, 4-ვე ტყორცნა ზუსტად შეასრულა და თავი 9 ქულას მოუყარა.
13 აგვისტოს, მერიის თასზე მორიგი 2 მატჩი გველის და იმის გათვალისწინებით, რომ შაბათია, სპორტის სასახლეში მეტი მაყურებელიც უნდა ვიხილოთ. 17:30 საათზე რუსეთი, რომელმაც გუშინ უკრაინას 82:67 სძლია, ჰოლანდიას ეთამაშება, 20:00 საათზე კი საქართველო-უკრაინა გახლავთ დაგეგმილი.
საქართველო – ჰოლანდია 77:66 (18:19, 23:18, 16:15, 20:14)
საქართველო: ფაჩულია (26 წ. 8 ქ. 8 მ. 6 პ.), ცინცაძე (29 წ. 3 ქ. 7 პ.), დიქსონი (29 წ. 13 ქ. 3 მ.), სანიკიძე (29 წ. 16 ქ. 4 მ. 3 პ.), შენგელია (26 წ. 12 ქ. 6 მ.); ლეჟავა (1 წ.), ზაქრაძე (3 წ.), ბოისა (8 წ.), შერმადინი (14 წ. 10 ქ. 4 მ.), სანაძე (23 წ. 6 ქ. 4 მ.), ბურჯანაძე (12 წ. 9 ქ.).
მწვრთნელი: ილიას ზუროსი.
ჰოლანდია: შაფტენაარი (29 წ. 8 ქ. 3 მ. 3 პ.), ვ.დე იონგი (22 წ. 5 ქ. 3 მ. 5 პ.), კლოოფი (13 წ.), ვოორნი (27 წ. 17 ქ.), ნ.დე იონგი (7 წ. 4 ქ.); ფრანკე (6 წ.), ვან დერ ჰორსტი (7 წ. 2 ქ.), ალბერტსი (24 წ. 10 ქ. 3 მ.), კოენისი (20 წ. 12 ქ. 6 მ.), ვან დერ მარსი (24 წ. 2 ქ. 6 მ.), სლაგტერი (21 წ. 6 ქ. 3 პ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.
სროლის სიზუსტე თამაშიდან
25/48 (52%) – 25/61 (41%)
ორქულიანები
17/30 (57%) – 15/33 (46%)
სამქულიანები
8/18 (44%) – 10/28 (36%)
საჯარიმო სროლები
19/29 (66%) – 6/9 (67%)
მოხსნები
32 (6) – 28 (9)
ქულები სწრაფი გარღვევისას
8 – 6
ქულები მეტოქის შეცდომის შემდეგ
13 – 10
ე.წ “მეორე შანსის” ქულები
8 – 9
შეცდომები
14 – 14
პასები
22 – 19
ჯარიმები
20 – 28
ჩაჭრები
7 – 5
დაფარებები
5 – 0
სათადარიგოების ქულები
25 – 32
ქულები სამწამიანი ზონიდან
28 – 12
უდიდესი ლიდერობა
14 – 3
უდიდესი “გაქცევა”
17:0 – 9:0
ლიდერი შეიცვალა
7-ჯერ
საყაიმო ანგარიში
7-ჯერ
ლიდერობა დროის მხრივ
31:00 წ. – 04:02 წ.