გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” მცველი შკოდრან მუსტაფი ლონდონის “არსენალს” კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები ფეხბურთელის აგენტის ალი ბულუტის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყებიან.
“მუსტაფისა და “არსენალს” შორის ყველაფერი გარკვეულია, დარჩა მხოლოდ კლუბებს შორის ფეხბურთელის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება” - აცხადებს ბულუტი.
ბრიტანულ პრესაში გარიგების სავარაუდო ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება.
მუსტაფი “ვალენსიაში” 2014 წლიდან თამაშობს. 24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ესპანეთში გადაბარგებამდე ის ინგლისური “ევერტონისა” და იტალიური “სამპდორიას” ღირსებას იცავდა. შკოდრანს გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით 12 მატჩი ჩაუტარებია და მის ანგარიშზე 1 გოლი ირიცხება.