ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ.) 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი გახდა.
ლიპარტელიანს ოქროსკენ მიმავალი გზა იაპონელმა მაშუ ბეიკერმა გადაუღობა, რომელმაც ფინალში ერთადერთი იუკო აართვა და მართალია, შემდეგ 2 შიდო მიიღო, ეს აღარაფერს ნიშნავდა.
შეგახსენებთ, რომ ფინალამდე ვარლამმა საკმაოდ დამაჯერებლად იარა. ქართველმა ძიუდოისტმა ტაჯიკ უსტოპირიონს და ნაურუელ უერას წმინდად აჯობა, მონღოლი ლხაგვასურენს ერთით მეტი შიდო მიაღებინა, ნახევარფინალში კი სამხრეთკორეელ გვაკს 2 ვაზარი აართვა.
დღეს, ტატამზე 100 კგ. წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავლენ და ტატამზე ბექა ღვინიაშვილს ვიხილავთ. ის პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ბენჯამინ ფლეტჩერს გაეჯიბრება.
ისიც ვთქვათ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის აქტივში თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალია, რისი წყალობითაც ჩვენი ნაკრები უკრაინასთან ერთად 33-34-ე ადგილებს იყოფს. პირველ ადგილზე აშშ გახლავთ: 10 ოქრო, 9 ვერცხლი, 9 ბრინჯაო.