საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისშია მერიის თასზე სათამაშოდ ემზადება, რომელიც 12 აგვისტოს თბილისში დაიწყება. დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლების კითხვებს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ამომწურავად უპასუხა.
სანამ ზაზა ეროვნულ ნაკრებზე საუბარს დაიწყებდა, მანამდე რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებს გამოეხმაურა და ქართველ ოლიმპიელებს წარმატება უსურვა. როგორც ქართველმა კალათბურთელმა თქვა, მას ძალიან კარგად ესმის, თუ რას გრძნობენ ისინი, როდესაც სამშობლოს სახელით გამოდიან და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებია ტელეეკრანს ვერ ვცილდებიო...
“ბოლო დღეებია ტელევიზორს მიჯაჭვული ვარ, რადგან ძალიან ვგულშემატკივრობ ჩვენს ოლიმპიელებს. დარწმუნებული ვარ მთელი საქართველო ასეა და შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვიცი, ძალიან რთულია, როდესაც უცხო ქვეყანაში გამოდიხარ დიდ შეჯიბრებაზე და ამიტომ, წარმატებები ჩვენს ოლიმპიელებს.
რაც შეგვეხება ჩვენ - კარგია, რომ ტრადიციულად თბილისში იმართება ეს ტურნირი, რადგან საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ თამაში სულ სხვაა და განსაკუთრებულია. თუმცა, მანამდე გვაქვს რამდენიმე ვარჯიში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი მწვრთნელია, ახალი სათამაშო სისტემა და თითოეულ ვარჯიშს ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ შევერწყათ ამ სისტემას. მთავარი ჩვენი მიზანია 31 აგვისტოსთვის ვიყოთ ოპტიმალურ ფორმაში.
მე ვნახე ჩვენი ნაკრების ბოლო თამაშები. რომელიც მოვიგეთ საკმაოდ დამაჯერებლად ვითამაშეთ. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, სახლში თამაშობდნენ, გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც მაღალ დონეზე აქვთ ნათამაშები. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი ძალიან განსხვავებულად. ეს მოსამზადებელი თამაშებია და მნიშვნელოვანია კარგად მოვემზადოთ. ამიტომ, ამით არაფერი წყდება – მთავარი 31 აგვისტოა.
ამ დროის განვალობაში ინდივიდუალურად ვემზადებოდი, რადგან საკმაოდ გრძელი სეზონი მქონდა და იმედი მაქვს, ახალ სეზონი უფრო გრძელი იქნება. ამიტომაც, მწვრთნელს ვთხოვე, რომ დამესვენა. დასვენებას ვეძახი, გუნდური ვარჯიშისგან, თორემ ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. თავს ახლა კარგად ვგრძნობ, გუნდთან ერთად ვარ, არანაირი პრობლემა არ მქონია. გუნდთან შეთამაშება მაინც დროს მოითხოვს და გუშინდელთან შედარებით ბევრად ნაყოფიერი ვარჯიში მქონდა დღეს”, - განაცხადა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მერიის თასზე 12 აგვისტოს ჰოლანდიას უმასპინძლებს, 13-ში უკრაინას, ხოლო ტურნირის დასკვნით შეხვედრაში 14 აგვისტოს, რუსეთის ნაკრებს გაეჯიბრება. ყველა აღნიშნული შეხვედრა “სპორტის სასახლეში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იგი 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ალბანეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს ნაკრებები იქნებიან. შეხვედრები ორ წრედ, სახლი-გასვლის პრინციპით ჩატარდება.