საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისშია მერიის თასზე სათამაშოდ ემზადება, რომელიც 12 აგვისტოს თბილისში დაიწყება. დღეს, სპორტის სასახლეში ილიას ზუროსის შეგირდებმა წვრთნა გამართეს, რომელიც მედიის წარმომადგენლებისთვის ღია გახლდათ.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გასვლაა.
“რა თქმა უნდა ეს ამხანაგური თამაშები ძალიან წაგვადგება, რადგან უკეთ შევთამაშდებით. შესარჩევ ციკლში რაღა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად ფავორიტი მონტენეგროა, მაგრამ ძალიან კარგია ის, რომ ორ თამაშს ვთამაშობთ შინ და გარეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოვიპოვოთ”, - ამბობს შენგელია.
საქართველოს ნაკრები მერიის თასზე 12 აგვისტოს ჰოლანდიას უმასპინძლებს, 13-ში უკრაინას, ხოლო ტურნირის დასკვნით შეხვედრაში 14 აგვისტოს, რუსეთის ნაკრებს გაეჯიბრება. ყველა აღნიშნული შეხვედრა სპორტის სასახლეში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იგი 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ალბანეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს ნაკრებები იქნებიან. შეხვედრები ორ წრედ, სახლი-გასვლის პრინციპით ჩატარდება.