გიორგი ლორიას ჩინებული თამაში რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ (VIDEO) რუსულ გამოცემებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. ინტერნეტპორტალი Championat.com-ი ყოველი ტურის შემდეგ ტურის საუკეთესო ხუთ სეივს აქვეყნებს, რომელსაც რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარე რუსლან ნიგმატულინი ადგენს. ხუთიდან ორი კი სწორედ ლორიას სეივი აღმოჩნდა. ერთი ეგაა, რომ მხოლოდ მეხუთე და მეოთხე ადგილები არგუნეს. მეოთხე ადგილზე ბრაზილიელი ფერნანდოს დარტყმულზე გამოვლენილი რეაქცია გავიდა, რომელიც ნიგმატულინმა ასე აღწერა:
“სპარტაკის” საინტერესო და სწრაფი კომბინაცია დამთავრდა ფერნანდოს დაბალ კუთხეში დარტყმით, მაგრამ “კრილიას” მეკარე არ შეცდა და კარიბჭესავით გადაეღობა ბურთს. მიუხედავად იმისა, რომ მას მცველები ეფარებოდნენ.
რაც შეეხება მეხუთე ადგილზე გასულ სეივს – ლორიამ “სახალხო გუნდის” შემტევ ზე ლუიშს დაბალი დარტყმული აუღო და ბურთი კუთხურზე გადააგდო. ეპიზოდი მართლაც წარმოადგენდა სირთულეს კიპერისთვის, რადგან მოძრაობის საპირისპიროდ იქნა ბურთი გაგზავნილი. რუსლან ნიგმატულინმა კი აღნიშნული მომენტი შემდეგნაირად აღწერა:
“შესანიშნავი კომბინაცია მარცხენა ფლანგიდან ზე ლუიშის დაბალი, დიაგონალური დარტყმით დასრულდა, თუმცა ლორიამ მოახერხა ბურთზე რეაგირება. ამ ეპიზოდში მან უდაოდ მაღალი კლასი აჩვენა. ასეთი მომენტები დიდი მეკარეებისთვისაც არაა ადვილი”, - წერს რუსული გამოცემა.
შეგახსენებთ, ლორია II ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა ავტორიტეტული რუსული გამოცემების ვერსიით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იგივე გამოცემის მიერ, იგივე ნომინაციაში გიორგი ლორიას სეივი ერთი კვირის წინ, I ტურში მესამე ადგილზე გავიდა. მაშინ, გიორგიმ გროზნოს “ტერეკის” ალბანელ ლეგიონერ ბექიმ ბალაის აჯობა.