ძიუდო

13:45 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა პირველ მედალოსანთან

საქართველომ რიოში ოლიმპიური მედლების ანგარიში გახსნა – 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ამჯერად ბრინჯაოს მედლი მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ძიუდოისტთა შეჯიბრების დამთავრების შემდეგ, ოლიმპიურ სოფელში შეიკრიბნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები, სპორტსმენები, მწვრთნელები, რომლებმაც ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური ბრინჯაოს მოპოვება მიულოცეს.

როგორც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, ლაშამ ამჯერადაც ნამდვილი მებრძოლის ხასიათი გამოავლინა და ჩვენს ქვეყანას პირველი ბრაზილიური მედალი მოუტანა:

“ეს არის ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში, თანაც ლონდონის ოლიმპიადასთან შედარებით უფრო მაღალ წონაში აღებული ჯილდო, რომელმაც ჩვენ ყველანი ძალიან გაგვახარა. მე არაერთხელ მითქვამს და აქაც გავიმეორებ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გადამწყვეტია ფსიქოლოგიური სიმტკიცე, სპორტსმენის განწყობა და მზადყოფნა შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოსავლენად. ლაშამ ჩვენს სხვა ოლიმპიელებს კარგი მაგალითი მისცა და დიდი იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ არაერთი წარმატებული დღე გველოდება”.

შოთა ჩოჩიშვილის შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილი მეორე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო.

ლაშას ახალი წარმატება მიულოცეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, სეოკ-ის ვიცე პრეზიდენტებმა – ნინო სალუქვაძემ და მამუკა ხაბარელმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ.

ისე მოხდა, რომ ქართული დელეგაციის პირველი ოლიმპიური მედლის მოპოვება დაემთხვა სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და აქტიური წევრის რუსუდან აფციაურის დაბადების დღეს და საიუბილეო თარიღს.

სეოკ-ის პრეზიდენტმა და შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ ქალბატონ რუსუდანს საიუბილეო დღე გულითადად მიულოცეს და ხაზი გაუსვეს მის პროფესიონალიზმს და საქმისადმი ერთგულებას, ისაუბრეს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილ მის დიდ წვლილზე და მაღალ ავტორიტეტზე.

ბოლოს, ლერი ხაბელოვმა ლაშა შავდათუაშვილს და რუსუდან აფციაურს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

0.205256