კრისტიან ვიერიდან ზინედინ ზიდანამდე, ზიდანიდან კრიშტიანუ რონალდუმდე, რონალდუდან გარეტ ბეილამდე – 45 მილიონიდან 73 მილიონამდე, 94 მილიონიდან 101 მილიონამდე – 2016 წელს, ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდი დამყარდა, პოლ ლაბილე პოგბა ტურინის “იუვენტუსიდან” მანჩესტერ იუნაიტედში” 110 მილიონ ევროდ გადაბარგდა. ამის შესახებ დიდი ხანია იწერებოდა, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად ცნობა “იუვენტუსის” ვებგვერდმაც გაავრცელა.
“საფეხბურთო კლუბი “იუვენტუსი” იუწყება, რომ მიღწეულია შეთანხმება “მანჩესტერ იუნაიტედთან” პოლ პოგბას სრულად გასხვისების შესახებ. ორ წელიწადში ინგლისური გუნდი ფრანგის სანაცვლოდ ეტაპობრივად 110 მილიონ ევროს გადაიხდის”, - წერია “იუვეს” საიტზე.
პოლ პოგბა “იუვენტუსმა” სწორედ “მანჩესტერიდან” 4 წლის წინ ასევე აგვისტოს თვეში დაიმატა, თანაც უსასყიდლოდ. მას შემდგომ ფრანგმა ნახევარმცველმა შავ-თეთრი მაისური 178 შეხვედრაში მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა გააკეთა. პოგბამ ტურინში 4 სკუდეტო, 2-ჯერ იტალიის თასი, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო და 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი “იუნაიტედის” რიგებში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.