ფეხბურთი

11:15 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პსჟ-მ ხესე გაიფორმა

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილი შემტევი ხესე როდრიგესი ამიერიდან ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელია. 23 წლის თავდამსხმელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ამის შესახებ პსჟ-ს ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ხესე საფრანგეთის ჩემპიონისთვის მიმდინარე ზაფხულს მეხუთე ახალწვეულია ჰატემ ბენ არფას, ტომას მუნიეს, გჟეგოჟ კრიხოვიაკისა და ჯოვანი ლო სელსოს შემდეგ.

“მოხარული ვარ “პარი სენ ჟერმენში” მოსვლით, რადგან იგი ევროპაში ერთ-ერთი კონკურენტუნარიანია. მომწონს პსჟ და დიდი მიზნებით ვხვდები ახალ სეზონს. უნაი ემერისთან მუშაობა ერთი სიამოვნება იქნება, მას ესპანეთსა და მთლიანად ევროპაში ჩინებული რეპუტაცია აქვს”, - განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.

ხესე როდრიგესი მადრიდის “რეალის” სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი ჯერ კიდევ 2011-2012 წლების სეზონში ჰქონდა. თუმცა, კონკურენციის გამო “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. გასულ სეზონში მან მხოლოდ ლა ლიგაში 28 თამაში ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.113521