პოლონეთის ჩემპიონატში გიორგი მერებაშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. პლოცკის "ვისლას" ქართველმა შემტევმა "რუხთან" გასვლაზე (2:2) ჯერ თანაგუნდელს გაატანინა, მერე კი, მე-80 წუთზე თავად შეაგდო, თუმცა მისი გოლი გადამწყვეტი ვერ გამოდგა - მეტოქემ ბოლო წუთზე გაათანაბრა.
გოლს რაც შეეხება: გიორგი გარღვევაზე გაიყვანეს, მეკარე გამოვარდა და ვარდნაში ცდილობდა მოგერიებას, მაგრამ ქართველმა იმარჯვა და მისი ფეხიდან შევარდა ბურთი კარში.
შეგახსენებთ, მერებაშვილი ამ ზაფხულს გადავიდა პლოცკის "ვისლაში".
რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "სპარტაკმა" სამარის "კრილიას" 1:0 აჯობა. მოსკოველთა განაცხადში არ იყო ჯანო ანანიძე, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იქნება მწყობრში. "კრილიაში" კი მშვენიერი მატჩი ჩაატარა გიორგი ლორიამ - არაერთი რთული ბურთი მოიგერია.
"სპარტაკს" ორ ტურში 6 ქულა აქვს, ლორიას გუნდს - არცერთი.
ლევან ყენიას "სლავიამ" დაიწყო ჩეხეთის ჩემპიონატი და "ზლინს" შინ 2:2-ზე გაეყარა. ყენია სასტარტოში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.
დანიაში "ესბიერგი"-"ორჰუსი" 2:2 დასრულდა. მათე ვაწაძე კვლავაც არ ყოფილა ორჰუსელთა განაცხადში და დიდი ალბათობით, კლუბსაც შეიცვლის. ჯერ მაინც ვნახოთ.
ბლარუსში ბატე-მ სტუმრად 2:0 მოუგო სოლიგორსკის "შახტორს" და წლეულსაც არ ჰყავს კონკურენტი: 13-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ბატე-ს შემადგენლობაში 87-ე წუთზე გამოჩნდა ვაკო გვილია.