პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნატედში” დაბრუნდა – ეს აღარაა სპეკულაცია, ეს – ფაქტია. “წითელი ეშმაკების” ვებგვერდმა 23 წლის ფრანგის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა. პოგბა დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო კლუბთან კონტრაქტს, რომლის ხანგრძლივობა ხუთ წელზე იქნება გათვლილი, ორშაბათს გააფორმებს.
“მანჩესტერი” პოგბას სანაცვლოდ ტურინის “იუვენტუსს” 110 მილიონ ევროს გადაუხდის, უშუალოდ ფეხბურთელს კი სეზონში დაუჯერებელ თანხას – 20 მილიონ ევროს. აქედან 13 მილიონი ხელფასი იქნება, ხოლო დანარჩენი შვიდი ბონუსები.
პოლ პოგბა “იუვენტუსში” 2012 წლის 4 აგვისტოს ჩაირიცხა. მაშინ ტურინულმა გრანდმა ჯერ კიდევ იმედისმომცემი ნახევარმცველი ხელში უფასოდ ჩაიგდო, ხოლო 4 წლის თავზე იმავე გუნდს 110 მილიონად მიჰყიდა, საიდანაც მიიწვია. პოგბამ “იუვეს” მაისურით 34 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა გააკეთა.