2 წამყვანი კალათბურთელის – ზაზა ფაჩულიასა და მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსკოვში, თითქმის სავსე „ხიმკის“ დარბაზში ოპტიმალური შემადგენლობით მყოფ რუსეთს პირველი პერიოდი 25:17 მოუგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის ოდენ 2 ქულას აგებდა.
შესანიშნავად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ქართველებმა მესამე პერიოდი ჩააგდეს, რასაც ძირითადი გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის ტრავმა დაერთო და საბოლოოდ მასპინძლებმა დიდი სხვაობით – 94:62 წააგეს.
ილიას ზუროსიც სულ იმეორებს და ყველასაც კარგად მოეხსენება, რომ მოსამზადებელ მატჩებში დამარცხება არაფერს ნიშნავს. ოპიციალურ მატჩებამდე გამართული ნებისმიერი შეხვედრა მხოლოდ მოსამზადებელია და სწორედ ასეთ შეხვედრებში მართებს მწვრთნელს გუნდის დალაგება.
უფრო ზუსტად, ამგვარ მატჩებში დანახული ხარვეზების აღმოფხვრაა მთავარი და ამ მხრივ, ილიას ზუროსისთვისა და მისი სამწვრთნელი შტაბისთვის ძალიან სასარგებლო იყო აღნიშნული შეხვედრა. ცა და დედამიწასავით განსხვავებულად ნათამაშები ტაიმები კარგი გაკვეთილია მწვრთნელებისთვის, რათა დაინახონ ჩვენი გუნდის პლუს-მინუსები და ოფიციალურ მატჩებამდე დარჩენილ 7 მატჩში მაქსიმალურად შეეცადონ მათ აღმოფხვრას.
მაგალითად, ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის მაქსიმალურად განეიტრალებაც ქართველებს დასჭირდებათ, შორი სროლებია. რუსებმა 14 სამქულიანი ჩაგვიგდეს და ძირითადი კომპონენტიც, რის ხარჯეც მოგვიგეს, ესაა. საქართველოს ნაკრებს 14 სამქულიანი იშვიათად თუ მიუღია. რუსებს, როცა უიმედოდ აგებდნენ, შვებად სწორედ შორი სროლები გამოუჩნდათ.
რუსეთს ქართველები კიდევ შეხვდებიან – თბილისის მერიის ტურნირზე, 14 აგვისტოს და იმ მატჩში ჩვენებს ზაზა ფაჩულია ეყოლებათ. სწორედ ზაზას და მანუჩარ მარკოიშვილის არყოფნას გაუსვა ხაზი ჩვენთან კომენტარში რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ.
საქართველოს ნაკრები მოსკოვს 7 აგვისტოს, საღამოს დატოვებს და თბილისში დაბრუნდება.
ამხანაგური მატჩი. მოსკოვი. ხიმკი. 6 აგვისტო
რუსეთი – საქართველო 94:62 (17:25, 22:12, 30:12, 25:13)
www.gbf.ge