კალათბურთი

16:45 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთთან მატჩის დღეს ნაკრებმა ხიმკიში ივარჯიშა
ილიას ზუროსის და ვიქტორ სანიკიძის კომენტარები

დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ხიმკის საკალათბურთო ცენტრში რუსეთის ეროვნული გუნდი საქართველოს უმასპინძლებს. მოსკოვის ტურნირის ფარგლებში ორივე ნაკრებს დამარცხებული ჰყავს ბელარუსი – რუსებს 53 ქულით, ქართველებს – 12-ით. შესაბამისად, დღევანდელი მატჩი გაარკვევს, ვინ გახდება ტურნირის გამარჯვებული.

საქართველოს ნაკრებმა ხიმკის დარბაზში დილის ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსს გუნდი არ დაუტვირთავს. ძირითადად, მსუბუქი მოთელვა და კომბინაციები იყო. ვარჯიშის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელი რუსების გვარებს ხშირად ახენებდა – მოზგოვი, კარასიოვი, შვედი... ჩვენს სამწვრთნელო შტაბს სათანადოდ ჰყავს შესწავლილი რუსი მოთამაშეები და მათი მოქმედება შეტევასა თუ დაცვაში.

ჩვენი ნაკრების დასკვნით ნაწილს დაესწრო და ვიდეო-კადრებთან ერთად კომენტარები ჩაწერა რუსეთის ნაკრების პრეს-ატაშე ვლადიმირ სპივაკმა და მისმა ოპერატორმა გოგონამ. რუსეთის ნაკრების მსტოვარს ილიას ზუროსის და ვიქტორ სანიკიძის აზრი აინტერესებდა, რომელსაც ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა განუცხადეს:

ილიას ზუროსი: “რუსეთის ნაკრების სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. მოსამზადებელი კუთხით ეს იქნება დიდი გაკვეთილი. ჩვენი ნაკრები მზადების მიზანი, ამ მატჩის რაც შეიძლება შედეგიანად გამოყენება იქნება. ამ ეტაპზე ბიჭების მომზადების დონით კმაყოფილი ვარ, თუმცა მთავარი მიზანი ოფიციალური მატჩებისთვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნაა. სამწუხაროდ, ხვალ ვერ დაგვეხმარება ზაზა ფაჩულია, რომელიც თბილისში ჩასვლისას შემოგვიერთდება. ასევე, ტრავმის გამო, მანუჩარ მარკოიშვილის არყოფნა დიდი დანაკლისია. ამ მოთამაშეებით ჩვენი გუნდი სულ სხვა იქნება და იმედს ვიტოვებ, ისინი ევროშესარჩევი მატჩებისთვის ჩვენთან იქნებიან”.

ვიქტორ სანიკიძე: “რუსეთის ნაკრებმა ბელარუსთან მაღალი დონის თამაში აჩვენა და ცხადია, დღევანდელ მატჩში რთული ბრძოლა გველის. უპირატესობა რუსეთის მხარესაა, ისინი მასპინძლები არიან და ალბათ ბევრი გულშემატკივარიც მოვა მასპინძელთა მხარდასაჭერად. მთავარია, კარგი თამაში გამოვიდეს და გულშემატკივარმა ისიამოვნოს. რუსეთის ნაკრები საკმაოდ სწრაფ კალათბურთს თამაშობს, თუმცა ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება და ვფიქრობ, საინტერესო ბრძოლა გველის. რუსეთის ნაკრებში აღარ თამაშობს ჩემი მეგობარი პონკრაშოვი, თუმცა დღევანდელ მატჩში ყოფილ თანაგუნდელებს – ყურბანოვსა და ბიკოვს შევხვდები”.

საქართველოს საქომაგოდ ხიმკის დარბაზში მრავალ ქართველს ელიან. მატჩს დაესწრება რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოსთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ზაქარაშვილი, რომლის განცხადებით, მატჩზე დასწრების მსურველმა ქართველებმა 400-ამდე ბილეთი შეიძინეს.

მატჩის ტრანსლაცია ბელარუსთან შეხვედრის მსგავსად, რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განხორციელდება - http://www.russiabasket.ru/game/?id=114739&compId=13099&tab=0&db=org

www.gbf.ge

0.182931