8 სკუდეტო, 1 იტალიის თასი, 6 იტალიის სუპერთასი, 5 ჩემპიონთა ლიგა, 4 ევროპის სუპერთასი, 3 საკონტინტეთაშორისო თასი – ეს იმ წონადი ტიტულების ჩამონათვალია, რაც იტალიურმა “მილანმა” 1986 წლიდან დღემდე მოიგო. ანუ, იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც კრიზისში მყოფი “მილანი” ტელემაგნატმა სილვიომ შეისყიდა და “როსონერის” შავ-წითელ ისტორიაში ფერადი დროც უმალვე მოვიდა.
ჯერ იყო და არიგო საკის ეპოქალურ “მილანს” ჩაუყარა საფუძველი – ბუნებრივია, 80-იანი წლების დასასრულსა და 90-იანების დასაწყისში “მილანის” წარმატება ისეთი მქუხარე ვერ იქნებოდა რომ არა ბერლუსკონი. სწორედ მისი ძალისხმევით მოვიდა “სან სიროზე” ჰოლანდიური ტრიო. ტრიო, რომელმაც “მილანის” უდიდესი გამარჯვებები გამოჭედა – ფრანკ რაიკაარდი, რუუდ გულიტი და მარკო ვან ბასტენი. “მილანმა” 1988 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო 9-წლიანი პაუზის მერე. 1 წლის თავზე კი, უკვე ჩემპიონთა თასს დაეპატრონა. იგივე შედეგი “მილანმა” 1990 წელსაც აჩვენა. მოკლედ, ნათელი იყო, რომ ლომბარდიული გუნდი სხვა სიმაღლეზე ავიდა და ფეხბურთის ისტორიაში დაუვიწყარი ფურცელი ჩაწერა.
არადა, ბერლუსკონის მოსვლამდე მცირე ხნით ადრე, “მილანი” შავ დღეში იყო და სამი სეზონიდან ორი არც მეტი, არც ნაკლები სერია B-ში გაატარა... როცა არიგო საკი იტალიის ნაკრებში წავიდა, ბერლუსკონიმ ფაბიო კაპელოს უხმო. სხვათა შორის, სილვიო კაპელოთი მოხიბლული ჯერ კიდევ 1986 წელს გახლდათ და გაიძახოდა, ჩემს გუნდში აუცილებლად უნდა ვნახოო. სურვილი აისრულა კიდეც. კაპელოს ხელში კი, საკის გოლების მანქანად ქცეული “მილანი” სხვა სტილში ათამაშდა. ამჯერად “როსონერის” ერთ მატჩში გოლზე მეტი აცრთუ ისე ხშირად გაჰქონდა, სამაგიეროდ, თითქმის მშრალად ინახავდა კარს. ცალკე აღნიშვნის ღირსია 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როცა “მილანმა” კატალონიის “ბარსელონა” ათენში გააცამტვერა და 4 უპასუხო გოლით დაასაჩუქრა. სხვათა შორის, ეს “მილანის” ამ დიდების დასასრულის დასაწყისი გამოდგა. ინერციით, შავ-წითლებმა მომდევნო სეზონში ისევ ფინალი ითამაშეს, ხოლო მერე სკუდეტოც მოიგეს. თუმცა, ნათელი იყო, რომ ძველი “მილანივით” უძლეველი აღარ იყო და ასეც მოხდა – იტალიაში “მილანზე” წინ უკვე მარჩელო ლიპის “იუვენტუსი” გაიჭრებოდა ხოლმე. ევროპაში კი ხან ვინ, ხანაც – ვინ... მოკლედ, სილვიო მიხვდა, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და კაპელოს კარისკენ მიუთითა, მის ნაცვლად კი, ალბერტო ძაკერონის უხმო. სხვათა შორის, როდესაც იტალიური მედია ზუსტად ამ თემაზე ბერლუსკონის დაეკითხა, ოღონდ მანამ, სანამ ეს მოხდებოდა, სილვიომ ძაკერონი ლამის სასაცილოდ აიგდო, მაგრამ მერე რეალობის წინაშე მოუწია დადგომა – ძაკერონის ხელში კი, “როსონერიმ” ალბათ ყველაზე სენსაციური და მოულოდნელი სკუდეტო მოიპოვა 1999 წელს. თუმცა, იმთავითვე ჩანდა, რომ ეს არ იყო ლომბარდიელთა დაბრუნება და “სან სიროზე” ისევ კრიზისმა დაისადგურა.
აბა გამჭრიახ ბერლუსკონის როგორ შეეშლებოდა და ბოლოს მართებული გადაწყვეტილებაც მიიღო – გუნდში კარლო ანჩელოტის უხმო. ადამიანს, რომელსაც “მილანი” ძალიან კარგად იცნობდა და აფასებდა. თავის მხრივ, ანჩელოტიც იცნობდა იქაურობას საკუთარი ხუთი თითივით და შედეგსაც არ დაუგვიანია. “მილანი” ისევ დადგა ევროპის მწვერვალზე და 2003-2007 წლებში ევროპაში ბადალი ძნელად ან საერთოდ არ მოეძებნებოდა... და მაინც, ანჩელოტის წასვლა და “მილანის” ერთ ჩვეულებრივ გუნდად გადაქცევა თითქმის ერთი აღმოჩნდა. მართალია, მასიმილიანო ალეგრიმ გუნდს 2011 წელს სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ... ხუთი წელი გავიდა და მას მერე, “მილანს” ტიტული აღარ მოუგია. ვეღარც ჩემპიონთა ლიგაზე ვხედავთ, ეგ კი არა, საერთოდ ევროტურნირებს გადაეჩვია ევროპის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბი. ვეღარც დიდი ფეხბურთელებით იწონებს თავს ეს დიადი გუნდი. “სან სიროზე” შავ-წითელი მაისურით ვერც ანდრეი შევჩენკოს ვხედავთ, ვერც რუუდ გულიტს, ვეღარც ანდრეა პირლოს, არც ფილიპო ინძაგი გარბის ტიფოზებისკენ გატანილი გოლის შემდეგ საგიჟიდან გამოქცეული გამომეტყველებით, ვერც რიკარდო კაკა აჯახებს “ოლდ ტრაფორდზე” ძვირადღირებულ მცველებს ერთმანეთს, არც პაოლო მალდინი ანაც ფრანკო ბარეზი მიუძღვის “როსონერებს” ტიტულების დაპყრობისკენ. “მილანის” ჩავარდნას და ევროპული საკლუბო ფეხბურთის მწვერვალიდან გაქრობას ბევრი პირდაპირ ბერლუსკონის აბრალებდა და თუ აბრალის. ისინი მიიჩნევენ, რომ სილვიოს ვადა გაუვიდა... თუმცა, ხომ ამბობენ დრონი მეფობენ და არა მეფენიო... და მაინც, მე მგონია, რომ “მილანი” ისევ გამეფდება, უბრალოდ ეს აღარ იქნება დონ სილვიოს ნაოფლარი – სხვა ვინმე X-ის ნაოფლარი იქნება.
სილვიო ბერლუსკონი და “მილანი” უკვე ერთი ოჯახი აღარ არიან – მათი გზები გაიყარა. შეიძლება ითქვას, ბერლუსკონიმ დრო მოჭამა ფეხბურთისთვის. იგი ვეღარ ახერხებდა “მილანისთვის” სარგებლის მოტანას და ადრე თუ გვიან მიხვდა – მიხვდა, რომ დგება მომენტი, როცა ყველაფერი უნდა დაასრულო, წერტილი დასვა... ჰოდა, 740 მილიონი ევროს სანაცვლოდ “მილანის” აქციათა 99.93% ჩინელ ბიზნესმენ ჰან ლის მიჰყიდა. ახლა, იგი წარუძღვება ახალ მწვერვალებს “მილანის” სახელით! თუმცა ვინ იცის, სილვიო ბერლუსკონისა და “მილანის” ურთიერთკავშირს იქნებ სხვა ხიბლიც ჰქონდა, მეტი ვიდრე კლუბის პრეზიდენტობაა...