საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი, რომელიც გასულ სეზონში სარანსკის “მორდოვიას” რიგებში ასპარეზობდა, ახალ კლუბს ეძებს. როგორც რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ქართველ ფეხბურთელსა და “მორდოვიას” შორის არსებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.
რევიშვილმა გასულ სეზონში “მორდოვიას” კარი რუსეთის პრემიერლიგის 22 შეხვედრაში დაიცვა, ახალ სეზონში კი ამ გუნდის შემადგენლობაში აღარ უთამაშია. ნუკრი 7 ივნისს საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში (1:0) დაშავდა და ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიში ივლისის მეორე ნახევარში განაახლა.
“მორდოვია” გასული სეზონის შედეგებით რუსეთის პრემიერლიგიდან დაქვეითდა და ამჟამად პირველ დივიზიონში ასპარეზობს.