საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ დღეს ვენის “რაპიდთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 22 წლის შემტევმა წარდგენისას ახალი გუნდის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, “რაპიდში”, რომელიც ევროპაში სახელგანთქმულია, ტიტულების მოგება უნდა.
“მოხარული ვარ, რომ ისეთ გუნდში ვითამაშებ, როგორიც “რაპიდია” – იგი ცნობილია მთელს ევროპაში. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და იმედი მაქვს, მალე მომეცემა შესაძლებლობა ვითამაშო თეთრ-მწვანე მაისურით. გასულ სეზონში თბილისის “დინამოში” ჩემპიონატი და თასი მოვიგე. იგივე მინდა გავაკეთო “რაპიდშიც” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში”, - ციტირებს ქვილითაიას სიტყვებს “რაპიდის” ვებგვერდი.
ქართველი თავდამსხმელის წარდგენისას კომენტარი გუნდის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას მიოლერმაც გააკეთა:
“გიორგი ქვილითაია უკვე ჩვენი ფეხბურთელია და მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩვენს გუნდში კონკურენციამ იმატა. მას ფორვარდისთვის საჭირო თვისებები აქვს და განსაკუთრებით სახიფათოა მეორე სართულზე თამაშის დროს. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად ბევრი სიხარული გველოდება”, - განაცხადა 53 წლის მიოლერმა.