სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

15:01 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი შეხვედრა ბრაზილიურ კოღოსთან

თბილისიდან სტამბოლამდე ორსაათნახევარი და სტამბოლიდან სან პაულუმდე ცამეტი საათი ფრენის შემდეგ, კოლეგებთან ლაშა კუპრაშვილთან, თამუნა ყულუმბეგაშვილთან და გიორგი ჭანიშვილთან ერთად, ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქის (11 მილიონზე მეტი ადამიანი) აეროპორტიდან ავტოსადგურს მივაშურეთ და რიო დე ჟანეიროსკენ გზა ავტობუსით გავაგრძელეთ. კიდევ რვა საათი და 31-ე ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის ოლიმპიურ უბან ბარასაც მივადექით.

ღამის სამი საათი იყო. რიოს ქუჩებში მრავლად გამოფენილი ოლიმპიური ბანერების გარდა ჩვენი ყურადღება სამართალდამცავთა სიმრავლემაც მიიქცია. ქალაქის ცენტრში თუ გარეუბნებში, ლამის ყოველ ას მეტრში პოლიციის მანქანები თუ ქვეითი პატრულები იდგნენ. ერთი-ორჯერ კი სატვირთო ავტომობილებიც შეგვხვდა, რომლების ბორტზეც კბილებამდე შეიარაღებული 40-მდე ჯარისკაცი იჯდა. უსაფრთხოების ზომებზე საუბარი და მით უმეტეს, დასკვნის გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა, ოლიმპიადა არც დაწყებულა.

ოლიმპიურ სოფელში კი ტერაქტებზე მეტად ზიკას ვირუსს უფრთხიან. სწორედ ზიკაა ყველა დელეგაციის მთავარი საფიქრალი და სანერვიულო. ამ შემთხვევაში, ორგანიზატორთა გარდა თადარიგი ყველა ქვეყანას ინდივიდუალურად დაუჭერია და კოღოს საწინააღმდეგო სპრეი თუ ხსნარი ლამის ყველა სპორტსმენის ყოველდღიური თან სატარებელი ნივთი გამხდარა. თუმცა ადგილობრივ მოსახლეობაში ბევრი მიიჩნევს, რომ ზიკას აჟიოტაჟი ხელოვნურადაა გამძაფრებული და რეალურად დაინფიცირების საფრთხე მხოლოდ მინიმალურია. დაჯერება და დამშვიდება ძალიან ძნელია. მით უმეტეს, როდესაც ირგვლივ ასეთ საყოველთაო მობილიზებას ამჩნევ.

ბინაში შევედით და ჩამოვჯექით თუ არა, კოღო დამაჯდა. არ ვიცი ეს ის კოღო იყო თუ არა, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობს, მაგრამ ზუსტად ერთ წუთში საქართველოს და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტების, სამედიცინო თუ არასამედიცინო გამოცემის, ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების ყველა რჩევა-დარიგება გავითვალისწინე. სპრეი, მალამო, შტეფსელში (ან დენცქვიტაში) შესაერთებელი, ასახრჩოლებელი სპირალი და თელავური ჭაჭის არაყიც კი.

დასაწოლად მზადებაში დამათენდა. მართალია ჯერ 4 აგვისტოა და ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნამდე სრული ორი დღეა დარჩენილი, მაგრამ იქამდეც ბევრი საქმეა. აგერ გეგმაც:

1 აკრედიტაციის გააქტიურება

2 პრეს ცენტრში შევლა და სამუშაოდ აუცილებელი დეტალების დაზუსტება

3 ოლიმპიურ სოფელში მისვლა, საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციის შეხვედრაზე დასასწრებად

4 საცხოვრებელი უბნის ზედმიწევნით შესწავლა და „ოჯახისთვის“ პროდუქტების მომარაგება.

ოთარ მაღლაკელიძე worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

თეგებირიო 2016
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.101623