2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჯერ არ დაწყებულა, რიოში ჩასული სპორტსმენები კი ოლიმპიურ სოფელში არსებული არცთუ კარგი პირობებით უკმაყოფილებას ყოველდღიურად გამოთქვამენ. აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად იოლ გზას მიაგნო აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ოლიმპიადის მიმდინარეობისას არა – ხმელეთზე, არამედ... წყალზე იცხოვრებს.
ამერიკელი ვარსკვლავები, რომლებიც მაღალი სანაზღაურებიდან გამომდინარე, ფუფუნებაში ცხოვრებას არიან ჩვეულნი, ბინას ერთ-ერთ ცნობილ საკრუიზო გემზე დაიდებენ, რომლის სახელწოდებაც “ვერცხლისფერი ღრუბელი” გახლავთ.
ცხადია, ლაინერი უძვირფასესად არის მოწყობილი და “შინ” დაბრუნებულ კალათბურთელებს ძალების აღსადგენად და გასართობად ყველა პირობა ექნებათ შექმნილი. უშუალოდ საკალათბურთო ტურნირზე კი რა უნდა ითქვას. მორიგმა “დრიმ თიმმა” ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ბრაზილიაში ოქროს მედლების გარეშე დარჩეს.