საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თრილერივით მატჩი მოიგო და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის D ჯგუფში კვლავ დაუმარცხებელია.
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ტურნირში ქართველები მეოთხე და ყველაზე ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდნენ, თუმცა უკრაინას მაინც არ დაეჩაგვრინნენ და 1 ქულის სხვაობით, ლუკა ბულაშვილის საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ჩაგრებული საჯარიმოებით – 72:71 მოიგეს.
საქართველო დიდი სხვაობით – 13 ქულით აგებდა – თანაც ბოლო მეოთხედში, საფინალო სირენამდე 7:30 წუთით ადრე. გია კაზანჯიანის, აჩიკო ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი ქართველები ჩავარდნებით ეთამაშნენ უკრაინელებს და მეორე პერიოდში მოპოვებული 9-ქულიანი უირატესობა ქარს მისცეს.
დიდ შესვენებაზე ქართველების უპირატესობიდან 3 ქულაღა დარჩა (37:34), რომელიც თვალის დახამხამებაში გაქრა – ტანმაღალმა უკრაინელებმა გალიდერება მოახერხეს და მე-3 პერიოდის დამაჯერებლად – 27:14 მოგების შემდეგ, დასკვნით ათწუთულს 10-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ – 61:51.
მივადექით ხსენებულ კრიტიკულ ზღვარს, როცა უკრაინელთა უპირატესობამ 13 ქულას მიაღწია და თამაშის დასრულებამდე შვიდნახევარი წუთი იყო დარჩენილი. აქ ქართველებს შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდათ, რადგან დარჩენილ დროში ამაზე დიდი სხვაობის გაბათილება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა.
ლუკა ბულაშვილის ორქულიანს, გოგა ბითაძემ სამიანი მოაყოლა, შემდეგ მიჯრით ორჯერ ჩააგდო ლევან ბაბილოძემ და როცა ისევ ბულაშვილის ნატყორცნი ჩავარდა, დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე ქართველების ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდა – 68:69.
დარჩენილ დროში ქართველებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს. დასრულებამდე 01:50 წუთით უკრაინელმა ნიემცუმ ორქულიანით თავისიანები 71:68 დააწინაურა, რასაც ბულაშვილის მყისიერი ორქულიანი და შემდეგ ორმხრივი შეცდომები მოჰყვა. გუნდებმა 2-2 გაცუდებული შეტევა გაცვალეს და ქართველების უკანასკნელი შეტევის ჯერიც დადგა.
უკრაინელებს 3 გუნდური ჯარიმა ჰქონდათ და თამამად მიიღეს მეოთხე თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე. კაზანჯიანმა წუთშესვენება აიღო და შეტევა დაგეგმა. ბურთი ბულაშვილმა მიიღო, რომელიც მაგარ იშტაზე იყო და მეტოქის ფარისკენ დაძრული უკრაინელმა იაგოდინმა ჯარიმით შეაჩერა.
საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ლუკამ ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა და ქართველებს მესამე პერიოდის დასაწყისში დაკარდული ლიდერობა კვლავ და საბოლოოდ დაუბრუნა – 72:71 ქართველების სასარგებლოდ, რომლებმაც ჯგუფიდან გასვლა ფაქტობრივად გაინაღდეს.
ჯგუფის ბოლო მატჩში ქართველები სლოვაკეთს შეხვდებიან, რომლის დამარცხებაც პირველი ადგილის გარნტიაა. კაზანჯიანის გუნდის მიზანიც სწორედ ლიდერად დარჩენაა, რათა A დივიზიონისკენ მიმავალ გზაზე ვინმე ძლიერი არ გადაგვეყაროს.
სუსტი მეტოქეები არ არსებობენ, თუმცა როცა მოსაგებია, უნდა მოიგო და შენსავით მოგებების მქონე მეტოქეები პლეი ოფის ბოლოში საბრძოლველად შემოიტოვო. შეგახსენებთ, რომ ელიტის საგზური B დივიზიონის სამ საუკეთესო ნაკრებს ერგება და ისინი მომავალ, 2017 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ. ჯგუფიდან გასვლის შემდეგ გუნდები პლეიოფს მეოთხედფინალიდან დაიწყებენ.
ევროპის U18 ჩემპიონატი B დივიზიონი. სკოპიე. მაკედონია. 31 ივლისი
უკრაინა – საქართველო 71:72 (20:19, 14:18, 27:14, 10:21)
www.gbf.ge