ილიას ზუროსსა და მაიკლ დიქსონს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდათ საქართველოს ეროვნულ გუნდში, ერთად აღებულმა საქართველოს ნაკრებმა კი ბრწყინვალედ გახსნა წლევანდელი სეზონი.
ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება 20 დღის წინ დაიწყო და 2 აგვისტოს, სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში პირველი სპარინგ-მატჩი პორტუგალიასთან გამართა.
გუნდი, რომელმაც 2 წლის წინ საქართველო სასტიკად ანერვიულა და მხოლოდ ოვერტაიმში, 1 ქულით დათმო მატჩი, დღეს, სლოვენიაში ქართველების წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. შესანიშნავი თამაშის წყალობით ჩვენმა ნაკრებმა პორტუგალიელები გაანადგურა – 90:71.
ქართველები 26 ქულით იგებდნენ და რომ მოენდომებინათ, ამაზე გაცილებით დიდი სხვაობითაც იმარჯვებდნენ, თუმცა არითმეტიკა და ქულათა სხვაობა ახლა ყველაზე ნაკრებად ადარდებს ილიას ზუროსსა და მის სამწვრთნელო შტაბს.
ბერძენმა სპეციალისტმა საქმეში დაინახა იმ მუშაობის ნაყოფი, რაზეც 20 დღეა, სლოვენიაში მუშაობს. დაცვითი და შეტევითი კომბინაციები, კონკრეტულ მოთამაშეთა მიერ აწყობილი ბურთის გათამაშებები და სხვა არაერთი საკალათბურთო მსხვილმან-წვრილმანი ზუროსმა ჩვენი გუნდის წევრებს შეასრულებინა და არცთუ ურიგოდ.
საქართველოს ნაკრების წევრებმა ისე დამაჯერებლად ითამაშეს, ისე შეუზღუდეს მეტოქეს სივრცეები, რომ ერთი პირობა პორტუგალიელებზე გვაფიქრებინეს, ამათმა სამქულიანი სროლების მეტი რამე თუ იციანო.
პირველ ტაიმში, სანამ მეტოქეს დაზვერავდნენ და ქმედით საწინააღმდეგო ტაქტიკას აირჩევდნენ, პორტუგალიელებმა პერიმეტრზე გაილაღეს და სამქულიანი სროლებით გადიოდნენ ფონს. ამან ლუზიტანიელებს მხოლოდ პირველ პერიოდში გაუმართლათ, შემდეგ კი ზუროსმა დაცვა გადააწყო, ბიჭებს შესაბამისი დავალებები მისცა და შედეგიც მოიმკა.
თუკი საწყისი 10-წუთეული მხოლოდ 2 ქულით მოიგეს, მეორე პერიოდში ქართველების უპირატესობა აშკარა იყო და ეს ანგარიშშიც სწრაფად აისახა. მეორე მეოთხედი 22:13 მოვიგეთ, ხოლო მესამეში თამაშის ბედი გაირკვა. ზუროსის გუნდის უპირატესობამ 26 ქულას მიაღწია და დამშვიდებულ გულზე ბერძენ მწვრთნელს სხვა ტაქტიკა-სისტემების დამუშავების საშუალება, ასევე ნაკრების ახალბედების გამოცდის საშუალება მიეცა.
სასტარტო ხუთეულში 2 ნომინალური გამთამაშებელი იყო – გიორგი ცინცაძე და მაიკლ დიქსონი, თუმცა ამერიკელი ლეგიონერი უფრო ფრთაზე იყო გაწეული და მსროლელის ფუნქციებს ასრულებდა. ცინცაძე კი, როგორც სჩვევია, მახვილგონივრულად უძღვებოდა ჩვენი ნაკრების შეტევებს და შანსი რომ მიეცემოდა, თავადაც აგვირგვინებდა შეტევებს.
ვიქტორ სანიკიძე, რომელიც აქამდე უფრო ფარისკენ იწევდა და თავდამსხმელს პოზიციას უმაგრებდა, წმინდა სამ ნომრად ჩამოყალიბდა. მისი დაყენებული შორი სროლები ნებისმიერი ნაკრებისთვის დიდი პრობლემა იქნება. სანიკიძე ფარზე მუშაობით უწინდელივით აღარ იტვირთებოდა, რაკი სამწამიან ზონას სრული დომინანტები ჰყავდა თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის სახით.
შენგელია ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო, შერმადინი კი ტაქტიკური თვალსაზრისით უდიდეს სამუშაოს ასრულებდა. ის მეტოქის დამცველთა ყურადღების მიქცევით შენგელიას და პერიმეტრზე დადარაჯებულ სხვა მოთამაშეებს უთავისუფლებდა ასპარეზს.
შესანიშნავად ჩაერთო თამაშში დუდა სანაძე, რომელმაც ყველა ის კომპონენტი შეასრულა, რასაც მისგან მწვრთნელები ითხოვენ. სანაძეს რომ სამქულიანების სროლასა და სწრაფ შეტევებში წუნი არ დაედება, ვიცით და მისგან უწინდელზე მეტი დაცვითი შემართება ვიხილეთ. ეს დუდას მეტოქეთათვის ერთიორად საშიშ მოთამაშედ აქცევს. 21 წუთში მითვლილი 14 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა გვარიანი წილი იყო საქართველოს გამარჯვებაში. სანაძის დარად, 14 ქულა მიითვალა შერმადინმაც.
ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა 18 ქულით, ხოლო სანიკიძემ საკუთარი ნომრის ოდენი 13 ქულა მიითვალა. ძალიან სარგებლიანები იყვნენ სასტარტო უკანახაზელები: გიორგი ცინცაძემ პირველ ტაიმში მოგროვებულ 7 ქულას აღარაფერი შემატა, სამაგიეროდ პასების გრაფაში 10 ერთეული ჩაიწერა. შესანიშნავი დებიუტი მოიწყო დიქსონმა, რომელმაც 11 ქულა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და 3 მოხსნა ისე მოაგროვა, ბურთი ერთადერთხელ დაკარგა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მწვრთნელების მოლაპარაკებით, 5-წუთიანი პერიოდი გაიმართა, რომელიც ილიას ზუროსმა მთლიანად ახალბედებს დაუთმო. ზუროსმა ლუკა ზაქრაძეს, კახა ჯინჭარაძე და გიგი გოგობერიშვილს გიორგი შარაბიძე და ბექა ბექაური დაამატა, რომლებიც პორტუგალიელთა სათადარიგოებს დაუპირისპირდნენ.
ქართველებმა არც ამ მოკლე ტაიმში დაუთმეს მეტოქეს არაფერი. ჯინჭარაძის, გოგობერიშვილის, ბექაურის, ზაქრაძისა და შარაბიძის ქულებით ქართველებმა მცირე უპირატესობით იმარჯვეს, თუმცა მთავარი ისაა, რაც ზუროსმა ახალბედების თამაში დაინახა.
დღეს, საქართველოს ნაკრები მსუბუქად ივარჯიშებს და 4 აგვისტოს, დილას, მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 5 აგვისტოს – ბელარუსს, 6-ში კი რუსეთს დაუპირისპირდება.
იურიცა გოლემაცი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “ეს იყო ახალი სისტემის, ახალი მწვრთნელის პირველი მატჩი და შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. როგორც აქამდე ითქვა, განსაკუთრებით დაცვაში შეიცვალა ბევრი რამ და ვფიქრობ, კალათბურთელები კარგად იაზრებენ, რას ითხოვენ მწვრთნელები.
ცხადია, შეცდომებიც იყო, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ ეს გახლდათ ჩვენი პირველი მატჩი მიმდინარე სეზონში. თამაშიდან თამაშამდე შეცდომების რაოდენობა უნდა შევამციროთ.
პორტუგალიასთან მატჩმაც დაგვანახა, რომ კალათბურთელები ფიზიკურად თავს კარგად გრძნობენ, რადგან აქამდე დიდი დრო დავუთმეთ ფიზიკურ მომზადებას.
მეტოქემ ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდო, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო, ვინაიდან პორტუგალიელებმა ეს თამაშის დასაწყისში გააკეთეს.
შემდეგ, მწვრთნელთა მითითებისა და ჩვენი კალათბურთელების გააზრებული მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგეს შორეული ტყორცნების თავისუფლად შესრულების საშუალება აღარ მისცემია.
წინ კიდევ უფრო რთული მატჩები გველის. მიმაჩნია, რომ რუსეთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და სწორედ მოსკოვში, მასპინძლებთან და ბელარუსებთან მატჩში გამოჩნდება სად ვართ დღეს.
რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრის მოგება გვსურს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მიზანი მაინც თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა”.
საქართველო - პორტუგალია 90:71 (24:22, 22:13, 25:12, 19:24)
www.gbf.ge