სხვა

0:23 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი პარალიმპელები რიოში მიემგზავრებიან (+VIDEO)

ქართველი პარალიმპიელები ზვიად გოგოჭური და მოცურავე ლია ჩაჩიბაია ზაფხულის პარალიმპიადაზე წასასვლელად მზად არიან.

2 აგვისტოს დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიის (ბელიაშვილის #5) მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარაცენტრს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, BP-ს საგარეო ურთიერთობათა დირექტორი გია ღვალაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია სტუმრობდნენ.

ისინი შეხვდნენ რიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიანტებს – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს ძიუდოისტს ზვიად გოგოჭურს და მოცურავე ლია ჩაჩიბაიას. ქართველი პარასპორტსმენები, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად რიოში 31 აგვისტოს გაემგზავრებიან.

ლიცენზიანტებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა პარაფრენბურთელთა მატჩი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ნაკრების წევრებმა მიიღეს. დაჭრილი სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ახლახანს იტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. სტუმრები ასევე შეხვდნენ მოფარიკავე ირმა ხეცურიანს, მშვილდოსანთა ნაკრებს და პარაფეხბურთელებს.

თბილისის პარაცენტრი ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსებით აშენდა და მოეწყო. ის შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული ერთადერთი პარასპორტული არენაა საქართველოში და მასში ფუნქციონირებს 18X38 ზომის სათამაშო სახეობების მოედანი, 525 კვ.მ საწვრთნელ-სარეაბილიტაციო დარბაზი, სარეაბილიტაციო აუზი, ასევე სარეაბილიტაციო მიმართულების მქონე სატრენაჟორო თერაპიული კუთხე.

ცენტრში ფუნქციონირებს ფსიქოლოგის, მანუალური თერაპიის და ორთოპედული კაბინეტები. ამ ეტაპზე ა(ა)იპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულია ასამდე პარასპორტსმენი და თვრამეტი მწვრთნელ-მასწავლებელი.

ცენტრში ვითარდება 9 პარასპორტული სახეობა – ეტლით ფარიკაობა, პარამშვილდოსნობა, პარამკლავჭიდი, ამპუტანტთა ფეხბურთი, პარა მაგიდის ჩოგბურთი, პარაჩოგბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ბოდიბილდინგი. ცენტრში სისტემატურად ტარდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.

2012 წლიდან ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი". კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას. მოგვიანებით, მინისტრი და მერი ეროვნულ არქივს ესტუმრნენ და ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილი გამოფენა დაათვალიერეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.147865