ახლა უკვე ოფიციალურად ლეროი სანე “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია. ამის შესახებ “ქალაქელთა” ვებგვერდი იტყობინება. 20 წლის ნიჭიერმა გერმანელმა “სიტისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისი ყიდვა ინგლისელებს 43 მილიონი ევრო დაუჯდათ. იგი ნისლიან ალბიონზე 19 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. “სიტიში” გადასვლის პრინციპული მოტივი პეპ გვარდიოლაა. მას სურდა გუნდში ჩემი ხილვა და მის ხელში პროგრესი მექნება – ეს ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პეპი ახალგაზრდებთან ძალიან კარგად მუშაობს და მისი დახმარებით სრულყოფილი ფეხბურთელი გავხდები”, - განაცხადა სანემ.
თავის მხრივ ახალწვეულის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმაც ისაუბრა:
“ლეროი განსაკუთრებული ტალანტია. მას მაღალი ტექნიკური მონაცემები აქვს, ბურთთან კარგადაა და გუნდური თამაშიც შეუძლია”, - თქვა გვარდიოლამ.
ლეროი სანე აქამდე გელზენკირხენის “შალკეში” თამაშობდა. გასულ სეზონში მან “ხუმარათა” რიგებში ბუნდესლიგაში 33 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი, სანეს დღემდე 4-ჯერ უთამაშია.