ფეხბურთი

10:00 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ივო შუშაკი: "ცუდია, რომ ერთ-ერთი "დინამო" გავარდება"

ივო შუშაკი - ალბათ, დღემდე ბევრს ახსოვს ხორვატი სპეციალისტი, რომელიც ქართულ ფეხბურთს ძალიან კარგად იცნობს. იგი ამჟამად ზაგრების „დინამოს“ აკადემიაშია დასაქმებული და აბა ასეთ შესაძლებლობას ხელიდან როგორ გაუშვებდა? - თბილისში იმყოფება.

შუშაკი მატჩისწინა პრესკონფერენციის შემდეგ მოულოდნელად მედია ოთახში შემოვიდა და გულთბილად შეგვეგება. მერე, არც მცირე კომენტარზე გვითხრა უარი და გულისწყვეტით აღნიშნა, რომ ორი „დინამოდან“ ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგას დატოვებს.

„მართალია თბილისში ორბურთიანი უპირატესობით ჩამოვედით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ზაგრების „დინამო“ კარგ ფორმაში არაა.

თბილისში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აქ ბევრი მეგობარი მყავს და მიხარია მათთან შეხვედრა და ახალი სტადიონის ხილვა. დასანანია, რომ ხვალ ორი „დინამოდან“ ერთ-ერთი გავარდება.

თბილისის „დინამომ“ განვლილ მატჩში კარგად ითამაშა. პირველი 40 წუთი ძალიან კარგი იყო. თუმცა ჩვენ 2 გოლის გატანა შევძელით, ვერ ვიტყვი, რომ თამაში კრანჩარმა მოიგო, რადგან უფრო მთელი გუნდის დამსახურება იყო. თბილისის „დინამო“ სტაბილური და ორგანიზებული გუნდია. მაყურებელი სასიამოვნო ორთაბრძოლას იხილავს“, - თქვა შუშაკმა.

შეგახსენებთ, შუშაკი თბილისის „დინამოს“ 2002-2004 წლებში წვრთნიდა და ამავე პერიოდში ორჯერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც უხელმძღვანელა.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის "დინამოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის დღეს, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

0.115065