ფეხბურთი

11:00 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული ჯანო

“მსოფლიოში არაა ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მისნაირი საფეხბურთო მონაცემები აქვს და მას შეუძლია გახდეს უმაღლესი დონის მოთამაშე”, - ეს სიტყვები ახლო წარსულში ცნობილ რუს ფეხბურთელ ვალერი კარპინს ჯანო ანანიძეზე წამოსცდა ლარნაკას “აეკთან” გატანილი ევროგოლის შემდეგ. საერთოდ, კარპინი ჯანოს შესაძლებლობებს მართლაც კარგად იცნობს – სწორედ მის ხელში ჰქონდა დებიუტი ჯერ კიდევ 2009 წელს 17 წლის ქართველ შემტევს "სპარტაკის" მთავარ გუნდში.

ეს რუსეთის თასზე “კრასნოდართან” მატჩში მოხდა 2009 წლის 15 ივლისს, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა – მან დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივს” გაუტანა, როცა 17 წლისა და 8 დღის გახლდათ. ამით გახდა ამ ქვეყნის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გოლის გატანა მოახერხა.

იმის მერე, 7 წელი გავიდა, ჯანოც გაიზარდა, აღარც 17 წლისაა და აღარც ამომავალი ვარსკვლავი – სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე მისი კარიერა ისე ვერ განვითარდა როგორც ჩვენ ვისურვებდით, როგორც ვარაუდობდნენ. ბევრი ამას მოსკოვის “სპარტაკში” ყოფნას აბრალებს, ვერ ვითარდებაო, ზოგი კი მის ფიზიკურ სისუსტეზე მიანიშნებს – სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ალექსანდრ შირკომ ისაუბრა:

“ბევრი დიდი ფეხბურთელი გვინახავს, რომლებიც ფიზიკურად ვერ გამოირჩეოდნენ. თუმცა, დღეს განსხვავებული ფეხბურთია, უფრო მეტად ფიზიკაზე აქცენტირებული. მიუხედავად ამისა, ჯანოსთვის ეს ნაკლებად პრობლემურია – იგი ძალიან ყოჩაღია”, - თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ იმის უთქმელობაც არ იქნება, რომ 23 წლის შემტევისთვის აქილევსის ქუსლად ტრავმიანობა მიიჩნევა. ამის გამო მას ბევრი გაუცდა და თითქმის სეზონი არ გასულა ისე, რომ გარკვეული პერიოდი არ გამოეტოვებინა. მის კარიერაში საუკეთესოდ მაინც 2013-2014 წლების სეზონი უნდა ჩავთვალოთ, როდესაც იჯარით “როსტოვში” ირჯებოდა და გუნდის ნამდვილი დირიჟორი გახლდათ. თქვენი არ ვიცი და, პირადად მე მაშინ ანანიძის თამაში გენიოს ანდრეა პირლოს მაგონებდა – ბურთთან ყოველი შეხება, თამაშის წაკითხვა, პასები და უბრალოდ მოედანზე მისი გარჯა. ამიტომაც იყო, რომ “სპარტაკმა” ის უმალვე უკან დაიბრუნა, გუნდში ძველი ნაცნობი დახვდა კარპინის სახით, თუმცა ისევ ტრავმა გადაეღობა გზაზე.

სხვათა შორის, ეს ერთადერთი გამონაკლისი იყო, როცა “სახალხო გუნდმა” ის გაასხვისა თუნდაც იჯარით. დანარჩენ შემთხვევაში “სპარტაკში” კარგად ხვდებიან, რომ ჯანოს სახით ნამდვილი მარგალიტი ჰყავთ გუნდში და ჯერ არ ეთმობათ. არადა, ევროპული გუნდებიდან სხვადასხვა დროს ინტერესი ბევრჯერ ყოფილა. ბოლო რამაც გაიჟღერა ჯერ კიდევ გასულ ზამთარს, ბერლინის “ჰერტა” იყო, მაგრამ ეს ინფორმაცია ჭორის დონეს არ გაცდენილა. და მაინც, იქნებ იმათი მოსაზრებაა რეალობასთან ახლოს, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთის ჩემპიონატი ქართველ “ფანტაზისტას” წინსვლაში ხელს უშლის და ერთ ადგილს ატკეპნინებს. ამის დასამტკიცებლად უდაოდ მისწრება იქნებოდა, ჯანოს ევროპისკენ გაეხედა. თუმცა, არც ახლაა გვიან. მიუხედავად ასაკის მატებისა, იგი ჯერაც 23 წლისაა და მთელი კარიერა წინ აქვს. მთავარია პრემიერლიგაში თავი კარგად წარმოაჩინოს და წამყვანი ევროპული ქვეყებიდანაც დაინტერესდებიან, ოღონდ სერიოზულად. შეიძლება ჩვენ პირადი ინტერესი უფლებას არ გვაძლევდეს ვაღიაროთ, მაგრამ ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ რუსეთის ჩემპიონატიდან ტოპ ჩემპიონატებში არაერთი ფეხბურთელი გადაბარგებულა და გრანდების სკაუტები რუსული გუნდების წამყვან მოთამაშეებს თვალს გამუდმებით ადევნებენ. ვნახოთ, მოვიცადოთ და გამოჩნდება. მთავარია, ჯანომ გააგრძელოს ისე, როგორც მიმდინარე სეზონი დაიწყო, ტრავმებაც თავი დაანებონ – 2 მატჩი, 3 გოლი და თან გოლებსაც ხომ გააჩნია?! – ევროგოლები რომ იტყვიან, სამივე განსხვავებულ სტილში, სამივე უზადო შესრულებით ნებისმიერი რანგის მატჩს რომ დაამშვენებდა და ნებისმიერი დონის მოთამაშე დაუფიქრებლად ხელს რომ მოაწერდა. როგორც "არსენალის" კარში მეორე გატანილი გოლის შემდეგ კონსტანტინ გენიჩმა ბრძანა: "მიეცით მას "ოქროს ბურთი"!..

ჰო, რაც მთავარია – სულ ცოტა დარჩა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. რომ იტყვიან, კარსაა მომდგარი. ჰოდა, უმნიშვნელოვანესია ჯანო აღნიშნულ პერიოდს ფორმაში შეხვდეს – სხვა თუ არაფერი, მას აქვს იმის პოტენციალი, რომ საქართველოს ნაკრების თამაშის გამნაწილებელი, ტვინი იყოს და ვფიქრობ, ურიგო არ იქნება თუ თამაში მართლაც მასზე აეწყობა. ჯანომ უკვე დაგვანახა ყველას, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია და ისიც, რომ შეუძლია მოედანზე აკეთოს ის, რაც მას უნდა – თავისუფლად, აუღელვებლად, ფეერიულად და ევროპულ დონეზე...

0.191871