ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ჩემპიონები - ბობ და მაიკ ბრაიანები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე არ გამოვლენ. ამერიკელმა ძმებმა, რომლებიც ჩოგბურთში წყვილთა შორის ბრაზილიაშიც ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტები იყვნენ, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადეს. მიზეზად კი ზიკას ვირუსით დაავადების საფრთხე დაასახელეს.
"ბევრი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ, მე და მაიკმა გადავწყვიტეთ თავი შევიკავოთ რიო 2016-ზე გამგზავრებისგან. ცხადია, ძალიან გვინდოდა ოლიმპიურ კორტზე გასვლა, მაგრამ ამჯერად პროფესიაზე მაღლა ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობა დავაყენეთ” – უთხრა ბობ ბრაიანმა ვაშინგტონ პოსტს.
ზიკას შიშით, რიო 2016-ზე გამოსვლა ბრაიანებამდე გადაიფიქრეს ასევე ჩოგბურთელებმა სიმონა ჰალეპმა, ტომაშ ბერდიხმა და მილოშ რაონიჩმა.
ზიკას ვირუსი კოღოს კბენით ვრცელდება. იგი ზრდასრული ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ სახიფათოა იმ ჩვილებისთვის, რომლებსაც დაინფიცირებული დედები გააჩენენ. ზიკა მიკროცეფალიას იწვევს.