რიოს ოლიმპიურ სოფელში, ქართული ოლიმპიური დელეგაციის ოფისში გაიმართა ჩვენი მისიის ხელმძღვანელებისა და ოლიმპიური გუნდების წარმომადგენელთა პირველი გაფართოებული შეხვედრა.
უწინარესად განიხილეს საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობის, შეჯიბრებაში დაშვების, სპორტის ცალკეულ სახეობების ტექნიკურ სხდომებში მონაწილეობის საკითხები. ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა ხაზი გაუსვა ტექნიკურ კომისიებთან და სპორტულ-საინფორმაციო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციის, შეჯიბრებამდელი და შეჯიბრების მსვლელობისას მოქმედი წესების ზუსტად დაცვის მნიშვნელობას, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი გაუგებრობა და უსიამოვნო ექსცესები:
“ჩვენ ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ. ცალკეული სახეობების ტექნიკური ნიუანსების, მიმდინარე ცვლილებების ცოდნა-გათვალისწინება მწვრთნელ-სპეციალისტთა უშუალო საქმეა, მაგრამ, რასაკვირველია, ადმინისტრაციული ჯგუფის თითოეული წევრი მზად არის მათთან ერთად განიხილოს და შესაბამის სამსახურებთან დააზუსტოს ნებისმიერი საკითხი.
ერთ კვირაში ოლიმპიადა სტარტს აიღებს და კარს მომდგარ შეჯიბრებებს სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ. ჩვენ გვაკისრია ძალიან მნიშვნელოვანი მისია და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და სპორტის მილიონობით გულშემატკივრის წინაშე. თითოელი ჩვენგანი ვალდებულია მოწოდების სიმაღლეზე იდგეს და თავისი ფუნქცია მაქსიმალურად კარგად შეასრულოს”.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ჩვენი სპორტსმენები უკვე აქტიურად ჩაერთვნენ საწვრთნელ პროცესში. რიოს სპორტულ ბაზებზე 29 ივლისს დილით ივარჯიშეს მშვილდოსნებმა, მძლეოსნებმა, ტყვიის მსროლელებმა, ასევე ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ, სპორტულმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ, მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ (29 ივლისს სანდროს 23 წელი შეუსრულდა და დაბადების დღე შორეულ ბრაზილიაში აღნიშნა), ძალოსანმა გიორგი ჩხეიძემ.
რაც შეეხება ძიუდოისტებს, ისინი ჯერ ფეხბურთით დაიტვირთნენ, საღამოს კი ტატამზე გავიდნენ და ორი საათი ივარჯიშეს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის თქმით, შეჯიბრებამდე ასე გაგრძელდება – შედარებით მსუბუქი ფიზიკური დატვირთები და ასევე მსუბუქი ვარჯიში ტატამზე:
“ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ვარჯიშები ისე წარვმართოთ, რომ თითოეული ძიუდოისტის სპორტული ფორმის პიკი შეჯიბრების დღეს დაემთხვეს. ჩვენ სერიოზული და საკმაოდ დატვირთული საწვრთო პროცესი გამოვიარეთ, ბოლო შეკრება ყვარელში გვქონდა და შემიძლია გითხრათ, რომ აქამდე კარგი შედეგით მოვედით. ბიჭები საბრძოლველად შემართულნი არიან, რაც ყველას იმედიანად განგვაწყობს”.
ამასობაში, გაირკვა, რომ რუსეთის ძალოსანთა ნაკრები, მძლეოსნების მსგავსად, დოპინგთან დაკავშირებული პრობლემების გამო რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას შედეგად ის მოყვა, რომ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს დამატებით ერთი საოლიმპიადო ადგილი გამოუყვეს. ის ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს ანასტასია გოტფრიდს ერგო.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოპერატიული მუშაობის შედეგად, ცაიტნოტური ვითარების მიუხედავად, რამდენიმე საათში მოგვარდა გოტფრიდის აკრედიტაციასთან და რიოში გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხები. საქმე ისე მიდის, რომ ამ ოლიმპიადაზე ჩვენი ძალოსნობა ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, საქართველოს ოლიმპიელთა რიგები კი ორმოც სპორტსმენამდე გაიზრდება”.
www.geonoc.org.ge