ფეხბურთი

18:50 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბობო დაბრუნდა! – ვიერიმ კარიერა განაახლა (+VIDEO)

კრისტიან ვიერი პროფესიონალურ კარიერას ანახლებს - როგორც მან სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში თქვა, ბობო დაბრუნდა და ფეხბურთის თამაშს ჩინეთში აპირებს. თუმცა, კონკრეტული გუნდი ლეგენდარულ იტალიელს ჯერ არ დაუსახელებია.

“ბობო დაბრუნდა – 5 თვის წინ 101 კილოგრამი ვიყავი, მაგრამ ახლა 91 ვიწონი. ამ დროში 10 კილო დავიკელი და კიდევ ორს თუ დავიკლებ, 89 ვიქნები. მაშინ კარგ ფორმაში ჩავგდები, მე მზად ვარ – კარიერას ჩინეთში გავაგრძელებ”, - თქვა ვიერიმ ვარჯიშის პარალელურად.

ვიერიმ, რომელიც ამჟამად 43 წლისაა, კარიერა 2009 წლეს ბერგამოს “ატალანტაში” დაასრულა. მანამდე მას არაერთ გუნდში უთამაშია – “იუვენტუსი”, “ატლეტიკო”, “ლაციო”, “ინტერი”, “მილანი”, “მონაკო”, “ფიორენტინა”. ბობოს იტალიის ეროვნულ ნაკრებში 1997-2006 წლებში 49 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი. სხვათა შორის იგი “სკუადრა აძურას” საუკეთესო გოლეადორია რობერტო ბაჯოსთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე. ვიერიმ 1998 და 2002 წლის მუნდიალებზე 9 გოლის გატანა მოახერხა, ბაჯომ კი, იგივე შედეგის ჩვენება 1990, 1994 და 1998 წლების პლანეტის პირველობებზე მოახერხა.

სხვათა შორის, ვიერის აღნიშნულ განცხადებას გულშემატკივართა მხრიდან საინტერესო რეაქცია მოჰყვა – ზოგმა იგი “ნაპოლის” ფორმაში გამოაწყო, რომელიც გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს, მაგრამ უმეტესობა მას “ინტერში” დაბრუნებისკენ მოუწოდებს სათაურით: “იკარდის ახლაც სჯობიხარ”...

0.131588