კალათბურთი

0:01 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ს წერილი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას

8-13 ივლისს თბილისმა ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველ ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც ფიბა-ს ეგიდით და ამ ორგანიზაციასთან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირი რომ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ფიბა-ს ჩინოსანმა, ამ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა თბილისში სტუმრობისას, პირად საუბრებში განაცხადა. დასაფასებელი იყო ასევე ასეთი მაღალი რანგის მოხელის სტუმრობა – როგორც წესი, ფიბა-ს აღმასრულებელი დირექტორი C დივიზიონის მატჩებზე არ დადის და საქართველოში მისი ჩამოსვლა ჩვენი ფედერაციის მიმართ გამოხატული კეთილი ჟესტისა და პატივისცემის გამოხატულებაა.

კამილ ნოვაკმა თბილისში ყოფნისას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან საუბარში აღნიშნა, რომ იმ რესურსით, რასაც ჩვენი დედაქალაქი ფლობს, გაცილებით მაღალი რანგისა და მაშტაბის ტურნირების ჩატარებაა შესაძლებელი.

ამავდროულად, კამილ ნოვაკი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას არ გააჩნია საკუთარ განკარგულებაში მყოფი ინფრასტრუქტურა (დარბაზი), სადაც ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას, ისე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მომზადებას, შიდაჩემპიონატებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩატარებული 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი სტანდარტებით გაცილებით მაღალი რანგის ვაჟთა ტურნირების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა – სასტუმროს, სავარჯიშო დარბაზების, მომსახურე სატრანსპორტო საშუალებების, მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფით, თამაშების ჩანაწერების დროული მიწოდებით და სხვა ტექნიკური თუ საშეჯიბრო დეტალებით.

პირად საუბრებში გამოხატულ მადლიერების განცდას და მაღალ შეფასებებს ფიბა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალური სახე მისცა და თავის სამუშაო ოფისში დაბრუნებულმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აქ წარმოდგენილი წერილი გამოუგზავნა:

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ბ-ნ მიხეილ გაბრიჩიძე, პრეზიდენტი

ბ-ნ გიორგი ქართველიშვილი, გენერალური მდივანი

ძვირფასო მიხეილ,

ძვირფასო გიორგი,

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ იმ გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ თბილისში ყოფნისას, სადაც 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩებზე დასასწრებად ვიმყოფებოდი.

ასევე მინდა მოგილოცოთ აღნიშნული ტურნირის ბრწყინვალედ ორგანიზება და ვერცხლის მედალი, რომელიც თქვენმა 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მოიგო ისტორიაში თავის პირველ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლისას.

მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროპული კალათბურთის საკეთილდღეოდ.

კამილ ნოვაკი

ფიბა-ს ევროპის აღმასრულებელი დირექტორი

0.121994