კალათბურთი

13:53 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

თითქმის იდენტური ანგარიშით (+VIDEO)

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიადისთვის მზადების ფარგლებში ჩინელებს პირველი მატჩი 106:57 მოუგო, დღეს დილით კი, აზიელებს თითქმის იდენტური შედეგით სძლია – 107:57.

შეხვედრა ოკლენდის “ორაქლ არენაზე” შედგა და ადგილობრივმა პუბლიკამ შესაბამისი პატივი მიაგო კევინ დიურანტს. მოგეხსენებათ, ნბა-ს ერთ-ერთმა ვარსკვლავმა კონტრაქტი “უორიორსთან” გააფორმა და თამაში სწორედ “გოლდენ სტეიტის” დარბაზში მოუწევს.

დიურანტმა 13 ქულა ჩააგდო, საუკეთესო კი ცენტრი დემარკუს კაზინსი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი (21 ქულა, 11 მოხსნა) მიითვალა. გამორჩეული თამაში ჰქონდა კარმელო ენტონისაც, რომელმაც 20 ქულიდან 16 მე-3 მეოთხედში მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა კალათბურთელებმა თამაშიდან ტყორცნების 50% (36 72-დან) გამოიყენეს, სამქულიანებში კი 38.9%-იანი მაჩვენებელი (14 36-დან) ჰქონდათ.

აშშ-ს ნაკრებს ოლიმპიადამდე კიდევ 2 საკონტროლო მატჩი დარჩა. 29 ივლისს ამერიკელები ჩიკაგოში ვენესუელას შეხვდებიან, 1 აგვისტოს კი, ჰიუსტონში – ნიგერიასთან სპარინგი გახლავთ დაგეგმილი.

აშშ – ჩინეთი 107:57 (31:15, 21:9, 32:15, 23:18)

აშშ: კაზინსი (21 ქ. 11 მ.), ენტონი (20 ქ. 5 მ.), ტომპსონი (15 ქ. 5 პ.), დიურანტი (13 ქ.), ბარნსი (7 ქ.), ჯორჯი (6 ქ.), ჯორდანი (6 ქ. 5 მ.), ლოური (5 ქ.), გრინი (4 ქ. 7 მ.), ბატლერი (4 ქ.), დეროზანი (4 ქ.), ირვინგი (2 ქ.).

0.113262