საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პირველი ექვსკაციანი ჯგუფი უკვე შეუდგა მუშაობას ოლიმპიურ სოფელში, რომელიც განთავსებულია რიოს ახალ უბანში –არაში. აქ არის თავმოყრილი ძირითადი სპორტულ-ოლიმპიური ობიექტები, მათ შორის – ოლიმპიური პარკი, რიოცენტრო, საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრი და მთავარი პრეს-ცენტრი, მედია-სოფელი, ასევე – 15 სპორტული არენა.
ოლიმპიურმა სოფელმა პირველი სტუმრები 24 ივლისს მიიღო. აქ საოლიმპაიდოდ აშენდა 17-სართულიანი 31 საცხოვრებელი კორპუსი. საქართველოს სპორტული დელეგაცია სოფლის ცენტრში, მე-15 კორპუსში, ბოლო სამ სართულზე განთავსდება. აივნები უკვე მოირთო საქართველოს დროშებით და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ლოგოებით.
რიოში ჩასვლისთანავე მოეწყო ჩვენი მისიის ხელმძღვანელებისა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ცალკეული სამსახურების წარმომადგენელთა პირველი საქმიანი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც უკავშირდება დელეგაციის წევრთა განთავსებას, სატრანსპორტო მომსახურებას, ოლიმპიური სოფლის სერვისებით სარგებლობის, სოფელში სტუმრების დაშვების, ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიაში მონაწილეობის წესებს და ა.შ.
ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, ბრაზილიაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, დაგეგმილზე გვიან დაიწყო, სამუშაოები ნაჩქარევად და უხარისხოდ შესრულდა, რამაც უკვე იჩინა თავი. რიოში ჩასული ოლიმპიური დელეგაციები სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ: აპარტამენტების ნაწილში გაუმართავად მუშაობს სანტექნიკა, მოუწესრიგებელია ელექტრო, წყლის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, აკლია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და აუცილებელი საგნები. იგივე პრობლემებია საქართველოს ოლიმპიელებისთვის გამოყოფილ აპარტამენტებშიც.
როგორც საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა გვითხრა, ამ საკითხის ოპერეტიულად მოსაგვარებლად რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ ოლიმპიური სოფლის შესაბამის სამსახურებთან და სპეციალისტები უკვე შეუდგნენ ხარვეზების გამოსწორებას: “ჩვენი ოლიმპიელების პირველი 42-კაციანი ჯგუფი 27 ივლისს ჩამოფრინდება რიოში და იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ოლიმპიურ სოფელში შემოვიყვანთ, საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოესწრება. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბრისას შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ საცხოვრებელ კორპუსში გაცილებით უარესი მდგომარეობაა. ამ და სხვა პრობლემურ საკითხებზე, ცხადია, შეფასებები გაკეთდება მისიების ხელმძღვანელთა ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც ოლიმპიური სოფლის ხელმძღვანელობას მოუწევს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა. იმასაც გეტყვით, რომ ოლიმპიური სოფლის გახსნის პირველ დღეებში მსგავსი პრობლემები წინა ოლიმპიადებზეც ყოფილა. მთავარია, სწრაფად გამოსწორდეს მდგომარეობა. აქ ამის ნიშნები უკვე იგრძნობა”.
27 ივლისს რიოს ოლიმპიურ სოფელში დაბინავდებიან სპორტის 9 სახეობის (ძიუდო, მშვილდოსნობა, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, ცურვა) წარმომადგენლები. ისინი მიუნხენისა და ფრანკფურტის გავლით 27 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე ჩაფრინდებიან რიოში და ვიდრე უშუალოდ შეჯიბრებები დაიწყება, იქვე გააგრძელებენ წვრთნას. უმეტეს სახეობაში უკვე გარკვეულია ჩვენი სპორტსმენების ვარჯიშის გრაფიკი, გამოყოფილია სავარჯიშო არენები. სხავადასხვა დეტალები ამ დღეებში გასამართ ტექნიკურ სხდომებზე დაზუსტდება, რომლებსაც ოლიმპიური მისიის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად სპორტის ცალკეული სახეობების ფედერაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
2 აგვისტოს, დილით რიოს ოლიმპიურ სოფელში საზეიმო ვითარებაში აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.
www.geonoc.org.ge