ყველა ქართველი გულშემატკივარი დაღამებას და ზაგრებიდან რეპორტაჟს ელოდება: ზაგრების "დინამო"-თბილისის "დინამო". ეს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპია და ქართულ კლუბს არასოდეს გადაულახავს ეს ზღუდე, ყველანი ნავსის გატეხვის იმედად ვართ.
ყველა კლუბის ისტორიაში არის გარდამტეხი მომენტი. თბილისის "დინამო", ოქროს წლების შემდეგ, მხოლოდ ერთხელ გავიდა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე, ეს 12 წლის წინ, როცა გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა.
რომ გადავხედოთ 1993 წლიდან "დინამოს" მიერ ჩატარებულ ევრომატჩებს, ბოლოს როდის მოხდა, რომ კლუბი წყვილში აუტსაიდერი იყო და მაინც გავიდა შემდეგ ეტაპზე? სწორედ 12 წლის, კრაკოვის "ვისლასთან".
მას შემდეგ, სამწუხაროდ, დინამოელებს სენსაცია (ან თუნდაც მოულოდნელობა) აღარ გამოსვლიათ. ფარერების, სომხეთის, მოლდოვისა თუ უელსის გუნდების გამოთიშვა "დინამოსთვის" ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს.
დამოუკიდებლობის პერიოდში თბილისის "დინამოს" ზედიზედ ორი კი არა, სამი ეტაპიც კი გადაულახავს, თუმცა არა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ყველაზე ძლიერი კლუბები არიან წარმოდგენილნი.
მერე რა, რომ მეტოქე უფრო გამოცდილია და უფრო ძვირადღირებული ფეხბურთელებიც ჰყავს. მოულოდნელობები ევროტურნირებზე საკმაოდ ხშირია და ქართველებს, არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ საკლუბო დონეზეც, ხორვატები დაგვიმწუხრებია - გავიხსენოთ საქართველო-ხორვატია 1:0, როცა ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნიდა და გავიხსენოთ გორის "დილა"-"ჰაიდუკი" (1:0, 1:0), როცა "დილას" თავკაცი გიორგი დევდარიანი გახლდათ.
ძალიან, ძალიან დიდი საქმე იქნება ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრა არა მხოლოდ "დინამოსთვის", არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის. მართალია, ჯერ გადახტომაა და მერე ჰოპლა, რადგან ჯგუფამდე ორი ეტაპია გასავლელი, მაგრამ მიზანზე ვსაუბრობთ. გვჯერა, კლუბის თითოეულ წარმომადგენელს ეს გათავისებული აქვს და იცის, თუ რა საქმეს არის შეჭიდებული.
თბილისის "დინამოს" წარმატების შემთხვევაში, ხალხი ფეხბურთისკენ გამოიხედავს, გახშირდება ეზოში ბავშვების თამაში, ტელევიზიაშიც მეტი დრო დაეთმობა სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას.
26 ივლისი და 2 აგვისტო ის დღეებია, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ქართული საკლუბო ფეხბურთის ბედი და არა მხოლოდ საკლუბო, მთლიანად ქვეყნის ფეხბურთის ბედი.
გვესმის, რომ პესიმიზმი უფრო სჭარბობს, ვიდრე ოპტიმიზმი და პესიმისტები ძალიან იოლადაც დაასაბუთებენ, თუ რატომ. თუმცა წინ ორი თამაშია და ორ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი ნაპერწკალი, ერთი გასროლა სჭირდება, რომ ხალხი ფეხბურთისკენ მობრუნდეს.