მორიგი ცნობები იმ რუსი სპორტსმენების შესახებ, რომლებიც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩებიან. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კვირას გამართულ სხდომაზე დოპინგთან კავშირში მხილებული რუსების შესახევ გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ სპორტულ ფედერაციებს მიანდო, ჰოდა, ისინიც რუსულ დელეგაციას მონდომებით ამცირებენ.
მხოლოდ გუშინ რიოს მიღმა 17 რუსი სპორტსმენი დარჩა, დღევანდელი სია (ეჭვი არაა, რომ დღის განმავლობაში კიდევ არაერთი სიახლე გავრცელდება) კი ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გახსნა, რომელმაც 2 მხილებული (ივან პოდშივალოვი და ანასტასია კარაბელშიკოვა) ორშაბათსვე დასაჯა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ რელიზში ნათქვამია, რომ დისკვალიფიცირებულია 5 რუსი ოლიმპიელი: ანდრეი კრაიტორი, ალექსეი კოროვაშკოვი, ალექსანდრ დიაჩენკო, ელენა ანიუშინა და ნატალია პოდოლსკაია.
“ჩვენმა ფედერაციამ ოპერატიული ზომები მიიღო, რათა მაკლარენის კომისიის მიერ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, დოპინგის მიღებაში შემჩნეული რუსი ნიჩბოსნები ოლიმპიადისგან ჩამოეშორებინა. სხვა საქმა, რომ რუსული დელეგაციის დანარჩენ წევრებზე სანქციები არ გავრცელდება”, - ვკითხულობთ განცხადებაში.